სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საჯარო მოხელეების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, მოსახლეობის აღრიცხვა და სავარაუდოდ მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მმართველი პარტიის სააგიტაციო პოსტერები სარჩევნო უბანთან, ხმის მიცემა დუეტში, – ეს იმ მცირე დარღვევათა ჩამონათვალია, რომელიც ჩვენმა რედაქციამ, არჩევნების დღეს, ახალციხის და ადიგენის რამდენიმე უბანზე გადაიღო.
იხილეთ ბმულები:
ახალციხეში, N7-ე უბანთან ამომრჩევლებს აღრიცხავენ
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ბოლაჯურში
ახალციხეში, N8 საარჩევნო უბანზე, გადაკეცილი ბიულეტენი გამოიყენეს
ამომრჩევლებს აღრიცხავენ ახალციხეში, N2 საჯარო სკოლაში მოწყობილი საარჩევნო უბნის მიმდებარედ
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” სოფელ პატარა პამაჯში, საარჩევნო უბანზე
მმართველი პარტიის da “ენმ”-ს სააგიტაციო პოსტერები სარჩევნო უბანთან
არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” 54 %-მდე მიიღო, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ არჩევნების დღეს განვითარებულ პროცესების და დარღვევების ფონზე, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები
“სამართლიანი არჩევნები”
სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თავის ახალ ანგარიშში მიუთითებს, რომ საარჩევნო უბნების 9 %-ზე არ იყო დაცული კენჭისყრის ფარულობა; 9 %-ზე გამოვლინდა მარკირების შემოწმებასთან დაკავშირებული დარღვევები; უბნების 31 %-ზე გამოვლინდა პარტიის კოორდინატორების მიერ მოსახლეობის აღწერის შემთხვევები, უბნების გარე პერიმეტრზე; გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა უბნების 11 %-ზე დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების და მუქარის ფაქტები; 19 %-ზე გამოავლინეს მოსახლეობის ტრანსპორტირების შემთხვევები; 13 %-ზე გამოავლინეს სავარაუდოდ ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვევები.
“ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები,” – ნათქვამია ანგარიშში.
აქედან გამომდინარე, “სამართლიან არჩევნებში” მიუთითებენ, რომ შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩეველთა ნებას.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
სადამკვირვებლო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს, გამოვლინდა ხმის მიცემის პროცედურის დაუცველობა, მარკირების წესის დარღვევა, ორმაგი ვერიფიკაციის შემთხვევები, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.
აქვე მიუთითებენ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს, მარკერის კვალი ემჩნეოდა, რაც ხმის მიცემის ფარულობას არღვევდა.
გარდა ამისა, “საია” ამბობს, რომ დააფიქსირეს უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები.
ასევე, ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ,მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა – “მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში. საიამ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები. დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
“IRI” და “NDI”
არჩევნების დღის შეფასებისთვის ბრიფინგი გამართა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, “IRI”-მ და “NDI”-მ.
IRI-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი.
“გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას. ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას და, ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.”
“უნდა აღინიშნოს ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია [სინქრონული თარგმანი]“ — თქვა IRI-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა.
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელის პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა.
“სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება ამომრჩევლისა და დამკვირვებლის როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა პროცესის სამართლიანობას.
დელეგაცია თბილისში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა, გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, საარჩევნო ხელმძღვანელობასთან, მედიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, დიპლომატიური საზოგადოების წევრებთან. NDI-ის დამკვირვებლების თანახმად, რომლებიც საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად, თუმცა, დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი ზრდა მძიმე დარღვევებისა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის ეს იყო ძალადობის გამოყენება, ბიულეტენების ჩაყრა“ — განაცხადა ეკლუნდმა
პოლიტიკური პარტიები
სანამ არჩევნები დასრულდებოდა და შედგები გახდებოდა ცნობილი, “ქართული ოცნება” უკვე აღნიშნავდა გამარჯვებას და სოციალურ ქსელში პოსტერებს ავრცელებდა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა კი მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათმა ნაწილმა “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯარო განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.
კოალიცია “ძლიერ საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ციტატა: “არ ვაღიარებთ ამ შედეგებს, ვართ მჭიდრო კოორდინაციაში ყველა სხვა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან”.
შევლენ თუ არა პარლამენტში ზემოხსენებული პარტია და “გახარია საქართველოსთვის” ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი
“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს” – განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და დღეს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა. მისი თქმით, არჩევნებზე მოხდა ტოტალური გაყალბება და მას ლეგიტიმაციას ვერ მისცემს.
_______
აქვე გეტყვით, რომ საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ქართული ოცნება: 53 %;
- კოალიცია ცვლილებისთვის: 11 %;
- ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 10 %;
- ძლიერი საქართველო – 8 %;
- გახარია საქართველოსთვის – 7 %.
(სიაში მოცემულია ის პარტიები, რომლებმაც 5 %-იანი ბარიერი გადალახეს.)
ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,968 %.