“გზა ყველგან გახსნილია,” – გვეუბნება წალკის მერი ილია საბაძე, იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივები საპირისპიროს ჰყვებიან და ვიდეო კადრებს გვიგზავნიან, თუ რა ვითარებაა წალკის სოფელ თეჯისში საავტომობილო გზაზე.
ჩვენს რედაქციას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს. აღნიშნულ სოფელში უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი ცხოვრობს. მოსახლეობა ჩვენს კორესპონდენტს უყვება, რომ გზები გაუწმენდავია, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, ისინი დახმარებას ითხოვს.
სოფელ თეჯისში მცხოვრებლები ასევე გვეუბნებიან, რომ უგზოობის გამო, სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ აღწევენ.
“ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ჩვენ სოფელში. პრობლემები გვაქვს, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სოფელში არც გზებია გაკეთებული, არც წყალი გვაქვს, არც გაზი არ გვაქვს. 10 წლის ბავშვი გაგვიხდა ავად, სასწრაფო გამოვიძახეთ, ვერ მოვიდა, საკუთარი მანქანით ვაპირებდით ბავშვის გადაყვანას საავადმყოფოში, ვერ გადავიყვანეთ. დათოვლილია გზები მანქანა ჩაიძირა. მეხანძრეები მოვიდნენ ნახეს,” – გვიყვება თეჯისში მცხოვრები ჯემილ ქარაჩაევი.
დავუკავშირდით წალკის მერს, ილია საბაძეს. მერის თქმით, სოფლების ნაწილში გზის გაწმენდა ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.
,,როგორც კი ქარი ჩადგება, მაშინვე გაიხსნება გზა. სოფელ არ-სარვანში დგას ჩვენი ტექნიკა, რადგან, თუ ქარის გამო გზა ვერ გაიხსნება ტექნიკა დაეხმაროს გაყვანა-გამოყვანაში.”
“საგზაო დეპარტამენტს შეიძლება ელოდებიან სოფელ თეჯისში, მაგრამ იქ გუშინ გახსნეს გზა. დღეს ქარმა მიაყარა ისევ იმ ადგილებს. ელოდებიან ქარი ჩადგება თუ არა დეპარტამენტი გახსნის იმ გზასაც. მუშაობდა ტექნიკა და არსად პრობლემა არაა გზა ყველგან გახსნილია. ბარეთი, საბეჭისი, კოხტა-ხარება გახსნილია. არსად არაა შეფერხება თუ სადმე შეფერხებაა ახლავე გავაგზავნი ტექნიკას,” – აცხადებს მერი.
ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სიახლის შემთხვევაში მასალა განახლდება.