ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა – რა ვიცით იოსებ გორგაძის საქმეზე

May 5, 2025

პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის ციხიდან კლინიკა ,,ვივამედში“ იანვარში თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.

რას ამბობს ოჯახი და ადვოკატი

გარდაცვლილის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, გარდაცვალების მიზეზი თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებებია.

,,თავის და სახის არეში თითქმის ყველა ძვალი ჰქონდა მოტეხილი და მიმტკიცებენ, რომ ეს დაზიანებები ერთი წაქცევით აქვს მიღებულიო. დღეს პენიტენციურმა განცხადება გააკეთა არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაო, ამას აკეთებს გამოძიებაც, ამბობენ რომ წაიქცაო. ერთი წაქცევით თავი დაარტყა, გაითიშა ადამიანი და მიიღო დაზიანებები? – ეს გამორიცხულია. ექსპერტიზა ჩავატარე ამაზე და დადასტურებულია, რომ ადამიანის სიმაღლიდან ვარდნით ეს დაზიანებები არ მიიღება. 3,5 თვიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.”

გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ძმის მდგომარეობა გარკვეული პერიოდი გაუმჯობესებული იყო. ,,ექიმებმა რაც შეეძლოთ ის გააკეთეს, უმძიმესი თავის ტრავმა ჰქონდა. რაღაც პერიოდი გაუმჯობესებული იყო მისი მდგომარეობა, მერე დამძიმდა. სიმართლეს მიმალავდნენ, არ მეუბნებოდნენ სიმართლეს. ვფიქრობ მას ახსოვდა ყველაფერი და ვფიქრობ, რომ არ უნდოდათ ზუსტად, რომ არ ეთქვა რა მოხდა. ექიმები ამბობენ, ინფექციის შედეგად გარდაიცვალაო. ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ავალებდა არ ვიცი. პენიტენციური დაწესებულების გარეშე ინფორმაციასაც არ გვაძლევდნენ, შიგნითაც არ გვიშვებდნენ”.

ჩვენი რედაქცია ,,ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს დაუკავშირდა, ის არ საუბრობს პატიმრის გარდაცვალების მიზეზზე და ამბობს, რომ კლინიკა არაა
უფლებამოსილი კითხვებზე გაგვცეს პასუხი.


,,
ვივამედის“ პოზიცია

ზურაბ ჩხაიძე: ,,ვინაიდან პატიმარზეა საუბარი, სრული ინფორმაცია უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან. კლინიკა არაა უფლებამოსილი, კონკრეტულად რაიმე მიზეზებზე ისაუბროს.

კლინიკიდან გარდაცვლილის ძმაც და ადვოკატიც ყოველკვირეულად სრულად იყო ინფორმირებული, ფორმა 100- ში ზუსტად იყო ასახული დაავადების მიმდინარეობა და დაზიანებები რაც გორგაძეს აღენიშნებოდა”.

ჟურნალისტი: კონტაქტური თუ იყო პატიმარი? ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ერთი პერიოდი გაუმჯობესდა?

ზურაბ ჩხაიძე: გარკვეული პერიოდი, მაგრამ შემდეგ დამძიმდა მისი ძირითადად დაავადებიდან გამომდინარე

ჟურნალისტი: კონტაქტური თუ იყო, ის გარკვეული პერიოდი?

ზურაბ ჩხაიძე: გარკვეული პერიოდი, ნუ ადეკვატურს ვერ დაარქმევ, მაგრამ ცნობიერება ასე თუ ისე გარკვეული პერიოდი ჰქონდა.

ჟურნალისტი: მეტყველება თუ შეეძლო?

ზურაბ ჩხაიძე: არა, არა, ვერ მეტყველებდა და ადეკვატურად ვერ აღიქვამდა ვერც გარემოს, ვერც სივრცეს და ვერც გარეშემო მყოფებს.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, პატიმრისთვის ინსულტის დიაგნოზი მათ კლინიკაში არ დასმულა და “პირველივე დღიდან დაადასტურეს რაც იყო რეალურად”, მრავლობითი დაზიანებები და თავის ტვინის დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან იყო შეუთავსებელი.

პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო სსკ-ის 342-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე დღეს განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის” აპარატმა:

,,უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს. სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით,” – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი იანვარშიც მოუწოდებდა გამოძიებას რომ შემჭიდროვებულ ვადებში მომხდარიყო ფაქტის გამოძიება.

იოსებ გორგაძის გარდაცვალების ფაქტზე განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელშიც უწყება წერს:

,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი..-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.“

გარდაცვლილ პატიმარს ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში დაკრძალავენ, მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

4 ადამიანი ემსხვერპლა წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევას – შსს

იოსებ გორგაძის დაკავება

ჩვენი რედაქცია პატიმარ გორგაძის შესახებ თვეების განმავლობაში წერდა. იოსებ გორგაძე 2024 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს კოდა-ნინოწმინდის გზაზე მომხდარი ავტოავარიის გამო. შსს-ს ინფორმაციით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით ,,ფორდის“ მარკის ავტომობილი ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს დაეჯახა, შედეგად ოთხივე მათგანი გარდაიცვალა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილები თბილისიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციიდან წალკაში ბრუნდებოდნენ, როცა მათ გორგაძის ავტომობილი შეეჯახა.

სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი- წალკის კლინიკაში მიყვანისთანავე. მძღოლმა თავად დარეკა 112 -ზე და დახმარება ითხოვა. ის ადგილზე დააკავეს.

მომხდარის შემდეგ გორგაძის ოჯახი წალკაში აღარ ცხოვრობდა.

იოსებ გორგაძე კლინიკა ,,ვივამედში“ 23 იანვრიდან მკურნალობდა. ადვოკატი მაშინაც ირწმუნებოდა, რომ მას გლდანის მერვე დაწესებულებაში სასტიკად გაუსწორდნენ, თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ოფიციალური ვერსიით ის კლინიკაში ინსულტის ნიშნებით შეიყვანეს.

ადვოკატი ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა და გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დამალა ინფორმაცია პატიმრის მძიმე დაზიანებების შესახებ.

არც ერთი ძვალი არ აქვს მთელი

თავიდან გამოძიება 118 მუხლით მიმდინარეობდა რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობდა.

29 იანვარს განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, სადაც მიუთითებდა, რომ მედიაში ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდებოდა: ,,სპეციალურმა პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციური თანამშრომლების მიერ ბრალდებული ი..-ს მიმართ ძალადობა განხორციელდა.“ადვოკატის ამბობდა, რომ გორგაძეს საპატიმროში არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.

არც ერთი ძვალი არ აქვს მთელი

Tags: , , ,