რა მოხდა ახალციხის კერძო ბაღში – რეგულირების და გამოძიების მოლოდინში

May 6, 2025

ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა ახალციხის კერძო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

ჩვენი გადამღები ჯგუფი შენობის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფებოდა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულა დაკეტილი დაგვხვდა.

იყო თუ არა ბაღში უსაფრთხოების სტანდარტები დაცული, ახორციელებდა თუ არა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ზედამხედველობას და პროცესის კონტროლს? შეკითხვებით ჩვენ მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებას მივმართეთ, უწყებაში გვითხრეს, რომ კერძო ბაღები მათ რეგულირებას არ ექვემდებარებიან, შესაბამისად პროცესზე არც ზედამხედველობას ახორციელებენ.

თუმცა ჩვენ დღეს ასევე გავარკვიეთ, რომ მუნიციპალიტეტის “ბავშვთა უფლებების კოდექსის” ფარგლებში შექმნილი განყოფილებების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ თუ რამდენად არის დაცული კერძო ბაღებში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება. გავრცელებული ინფორმაციით 2 წლის ბავშვი ბაღში შეუძლოდ გახდა და პერსონალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

რამდენად სწრაფად მოვიდა ჯგუფი, კითხვა ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დავუსვით, მათი ინფორმაციით, ჯგუფი რამდენიმე წუთში მივიდა და დაგვიანება არ უფიქსირდებათ.

ახალციხეში კერძო ბაღში ბავშვი გარდაიცვალა – შსს

ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ახალციხის კლინიკა “იმედში” გადაიყვანა, თუმცა რა მდგომარეობაში იყო იგი არც კლინიკის და არც სასწრაფოს ჯგუფის წარმომადგენელი არ გვეუბნება.

როდისთვის გახდება ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი? სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით, გარდაცვალების მიზეზის დადგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.