სწავლა მოსწავლეთა და სტუდენტთა – ანუ კობახიძის ახალი რეფორმის არსი

October 17, 2025
  • 12 კლასის ნაცვლად 11 კლასი, “ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი” – ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია წარადგინა.

“ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ იდეებს აქტიური განხილვა და ბევრ მიზეზთა გამო კრიტიკა მოჰყვა. ჩვენი რედაქცია სასკოლო სისტემის ისევ 11 წლიანი განათლებისთვის დაბრუნების საკითხზე ესაუბრა დარგის სპეციალისტს, განათლების საკითხებზე წლების განმაბლობაში მომუშავე შალვა ტაბატაძეს. 

პირველი და ყველაზე მთავარი, ის სხვა სპეციალისტების მსგავსად მიუთითებს, რომ ამ ცვლილების დანერგვის შემთხვევაში ქართული სასკოლო სისტემა დაშორდება ევროპულს და შესაბამისად, ქართველ მოსწავლეებს არ ექნებათ შესაძლებლობა უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღონ. 

ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა, სწორედ 12 კლასის დასრულების დამადასტურებელი ატესტატია. 

აღნიშნულის პასუხად, კობახიძემ გუშნვე თქვა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ მე-12 კლასი უცხოეთში დაამთავრონ და შემდეგ განაგრძონ უნივერსიტეტში სწავლება. 

“ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ“, – თქვა კობახიძემ. 

“მათ[მოსწავლეებს] აღარ ექნებათ თავსებადი ატესტატი, რათა ევროპის და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ,” – გვეუბნება, შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების სპეციალისტი

პ.ს.

სპეციალისტები 11 წლიანი სასკოლო პროგრამის შემთხვევაში, მასწავლებლების  შემცირებას ან ანზღაურების კლებასაც ელიან. შალვა ტაბატაძე გვეუბნება, რომ ამის მიზეზი შეიძლება მოქმედი ანაზღაურების სისტემა გახდეს, რადგან პედაგოგები ხელფასს საგაკვეთილო საათების მიხედვით იღებენ.  

ცვლილებები საუნივერსიტეტო სწავლებაში

“უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის” წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნის სტუდენტების 85% თბილისშია კონცენტრირებული და ბევრი ფაკულტეტის “დუბლირებაა“, რაც მისივე წარმოდგენილი მოდელით „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტით“ უნდა გამოსწორდეს.

ეს ნიშნავს „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე“.

3+1 საუნივერსიტეტო სწავლება

გარდა ამისა, რეფორმა 3+1 პროგრამასაც მოიცავს, რომელიც საბაკალავრო საფეხურისთვის 3 წელიწადს და სამაგისტროსათვის 1 წელიწადს გულისხმობს. 

“ერთის მხრივ ეს პრობლემურია საუნივერსიტეტო ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლების კონტექსტში, რადგან უნივერსიტეტებს მოქნილობა ეზღუდებათ,” – გვეუბნება, შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების სპეციალისტი

ამ რეფორმით ვცილდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. შესაბამისად ეს თანხვედრაშია იმ პოლიტიკურ რიტორიკასთან, რითაც ჩვენი ქვეყანა ევროპულ სივრცეს სცილდება და ეს კონცეფცია ასახავს ამ რეალობას,” – შალვა ტაბატაძე, განათლების საკითხების სპეციალისტი