ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული ორივე ექსპერტი ირწმუნება, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამბობენ მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოდიოდა ამისი უფლება ჰქონდა, რადგან მისი სავალი ნაწილი დაზიანებული იყო. თუმცა, სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტებმა ვერ დააკონკრეტეს დაზიანების მასშტაბი, რადგან მათივე თქმით, ადგილზე არ გამოუკვლევიათ.
ასევე, ექსპერტის, დავით გველესიანის განცხადებით, მიკროავტობუსის მძღოლის მოძრაობის ზოლის ნაწილი, რომელიც ბეტონით არის დაგებული სავალ ნაწილად არ ითვლება. მიუხედავად ამისა ბეტონით დაგებული გზით ათობით წელია ავტომობილები სარგებლობენ და არის დახაზული როგორც სავალი ნაწილი.
საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარ ავარიას, რა დროსაც სატვირთო და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
მიკროავტობუსის სიჩქარეზე უკვე მეორე მოწმე საუბრობს – არალთან მომხდარი ავარიის საქმე გრძელდება
“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე
დღეს, სასამართლო სხდომაზე სამხარაულის ბიუროს ის ექსპერტები დაკითხეს, რომლებმაც დასკვნები მოამზადეს.
როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ზაქარია თეთრაძემ დაცვის მხარის ადვოკატის კითხვის საპასუხოდ თქვა, მან პირველი ექსპერტიზის დასკვნა ისე მოამზადა, რომ ტერიტორიას ადგილზე არ გაცნობია და ავარიის ადგილზე მხოლოდ მეორე, კომისიური დასკვნის დაწერის დროს მივიდა.
გარდა ამისა, როგორც სასამართლოდან გაირკვა, პირველი დასკვნა ექსპერტმა, ზაქარია თეთრაძემ 1 დღეში დაწერა.
ადვოკატი: – პირველი დასკვნა დაიწერა ერთ დღეში. დაეყრდენით სსკ-ს საქმის მასალებს
ექსპერტი: – დიახ
ადვოკატი: – ადგილზე მისვლა და ნახვა არ ჩათვალეთ საჭიროდ?
ექსპერტი: – დიახ, არ ჩავთვალე საჭიროდ.
“ეს არის დავალების შესრულება, რაც დააწერინეს და სასამართლოზე ათქმევინეს,” – ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.
ჩვენ გვინდოდა გამოკითხული ექსპერტების პოზიცია შემოგვეთავაზებინა, თუმცა მათ ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ავარიის გამო სატვირთოს მძღოლი დააკავეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უდნა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალდებას უარყოფს, არგუმენტად ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა.
“შეკითხვა იყო მხოლოდ ერთი, ვისი დარღვევით იყო გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევა. შეუძლებელია ერთ შეკითხვას ჰქონდეს სხვადასხვა პასუხი,” – პროკურორი, ლევან არსენიშვილი.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, როგორც სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს პირველ დასკვნაში და მოგვიანებით შედგენილ კომისიურდასკვნაში მითითებულია, რომ ავარიისას პასუხისმგებლობა სატვირთოს მძღოლს ეკისრება. საპირისპიროს ამბობს დაცვის მხარე, რომელმაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც დაცვის მხარე ირწმუნება, დასკვნამ აჩვენა, რომ ავარია გამოწვეულია მიკროავტობუსის მძღოლის მიერ.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.