ბორჯომს საციგაო ტრასა, ტრამპლინი და ყინულის მოედანი არ აქვს, თუმცა 8 მწვრთნელს ხელფასი მაინც გადაუხადეს – #ფლანგვის დეტექტორი

February 23, 2024

ბორჯომის მუნიციპალიტეტს საციგაო ტრასა, ტრამპლინი და ყინულის მოედანი არ აქვს, თუმცა 8 მწვრთნელს ხელფასები მაინც გადაუხადეს, – ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” წერს. 

ორგანიზაციის ცნობით, ა(ა)იპ – სკოლისგარეშე სასპორტო სკოლაში დასაქმებულ მწვრთნელებს მერიამ 71 100 ლარი გადაუხადა.

გარდა ამისა, “ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დასაქმებულმა 10-მა სასოფლო კლუბის გამგემ ხელფასის სახით 98 400 ლარი მიიღო, თუმცა სასოფლო კლუბებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები და არც მათი საქმიანობის ანგარიშია ხელმისაწვდომი.

რა პოზიცია აქვს აღნიშნულზე ბორჯომის მერიას? მერი ოთარ არბოლაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.