სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. ხვალ, 12 საათზე საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში შეკრებას და პროტესტის გამართვას გეგმავენ, – ამის შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტმა, ციალა მანველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტები უერთდებიან საერთო სტუდენტურ ინიციატივას: “გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში ლექციებზე,” – წერს მანველიშვილი.
“არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის შემცვლელი ზარების განხორციელებას!!!
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ,რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში ლექციებზე”
აქვე გეტყვით, რომ ხვალიდან, 13 მაისიდან გაფიცვას უერთდებიან და აუდიტორიაში გამოცხადებაზე უარს ამბობენ, საქართველოში არსებული 20-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები.