იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას დეპუტატები ყველა იმ მოსალოდნელ შედეგზე, რაც შესაძლოა “რუსული კანონის” მიღებას მოჰყვეს? – ამ კითხვის დასმას ჩვენი რედაქცია სამცხე-ჯავახეთის და ქვემო-ქართლის რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებთან ცდილობდა.
დეპუტატების ნაწილი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა, ზოგიერთი კითხვის მოსმენისას ტელეფონს გვითიშავდა, ზოგიერთი კი იგივეს მას შემდეგ აკეთებდა რაც იგებდა რომ ჟურნალისტები ვართ.
კერძოდ: ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველმანუკიანია. იგი, შესაძლოა, ბევრისთვის ცნობილი არ იყოს, რადგან 2020 წლიდან დღემდე მას პარლამენტში საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. (ამის შესახებ TI წერს) დეპუტატმა ტელეფონის ზარს უპასუხა, თუმცა ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ კავშირი გათიშა.
ჩვენს ზარებს არ პასუხობს, სუმბატ კიურეღიანიც, იგი პარლამენტში პროპორციული სიით შევიდა და ზემოთხსენებული დეპუტატის მსგავსად, მასაც არ გამოუყენებია სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. სუმბატ კიურეღიანი შესაძლოა გახსოვდეთ იმით, რომ დეპუტატის ოჯახი ჯავახეთში მონაკოზე დიდ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, დეპუტატის ოჯახის საკუთრებაში რამდენიმე მილიონი კვ.მ ფართობი მიწაა.
ჩვენს ზარებს არ პასუხობს პარიზში და დუბაიში უძრავი ქონების მქონე დეპუტატიც ანუ სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, რომელმაც დუბაიში 1 200 000 ლარად ნაყიდი აპარტამენტები მას შემდეგ ასახა დეკლარაციაში, რაც “სტუდია მონიტორმა” ამის შესახებ საგამოძიებო მასალა მოამზადა.
ტელეფონი გაგვითიშა და არ გვიპასუხა წალკის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, რომელიც თითქმის 10 წელი, (2005-2014) გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი პროგრამების კოორდინატორი იყო.
ჩვენს არაერთ ზარს არ პასუხობს არც გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, “რუსულ კანონად” შერაცხულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის პროცედურა იმართება. “რუსულ კანონს” უკვე კვირებია უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით ეწინააღმდეგებიან მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ისმის მწვავე კრიტიკა და შესაძლო სანქციების ამოქმედებაზე საუბარი.