ავტორი: მიშო დარბაიძე 577681889
გზა, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხაჩკოვს და გუმბათს ერთმანეთთან აკავშირებს მოასფალტებული არასდროს ყოფილა, ამას ადგილობრივები გვეუბნებიან. გრუნტიანი გზა კიდევ უფრო ექსტრემალური წვიმიან დღეებშია, როდესაც მას სხვებთან ერთად ნიაღვარიც იკავებს.
ხაჩკოვში გზის მოწესრიგება ძალიან უნდათ. ადგილობრივებმა ვიდეოები ჩვენს რედაქციას არაერთგზის მიაწოდეს, მათ შორის სამი დღის წინაც.
ქვემო-ქართლში ორი დღის წინ მოსული ძლიერი ნალექი აისახა წალკის მუნიციპალიტეტზეც. მერის მოადგილის, ფეოხარ პარასკევოვის თქმით, გუმბათი-ხაჩკოვის გზა, რომელიც წვიმის შედეგად დაიტბორა მოაწესრიგეს, გაწმინდეს ჩაკეტილი არხები და ქვებით ამოავსეს ნაპრალები.
Როდის ჩაუტარდება რეაბილიტაცია საავტომობილო გზას? – პარასკევოვი გვეუბნება, რომ გზა ცენტრალურია და შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოვი–გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის 7,3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
რა ეტაპზეა რეაბილიტაციის პროცესი? – სამუშაოებს შპს “ენკო” ასრულებს, რომელმაც გზა 4 მილიონზე მეტ ლარად უნდა დააგოს. ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა რეაბილიტაცია მესამე წელია არ დასრულებულა. ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის ცვლილება 21-ჯერ განახორციელეს.
დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი სამუშაოების დასრულების დროის გადავადებას ეხებოდა.
ბოლო ცვლილება 2024 წლის 30 აპრილს შეიტანეს, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადამ 30 ივნისამდე გადაიწია.
რატომ შევიდა 21 ცვლილება ხელშეკრულებაში და როდის იგეგმება სამუშაოების დასრულება? – კომპანიის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბედიაშვილმა ჩვენს ზარს უპასუხა ხოლო კითხვის მოსმენის შემდეგ თქვა რომ შეხვედრაზე იყო და ტელეფონი გათიშა.
იგივე კითხვით დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ პასუხებისთვის საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ ამ მექანიზმს უკვე მივმართეთ.
მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში გზის დაგებას 3 წელზე მეტი სჭირდება და მაშინ, როდესაც ერთ სატენდერო ხელშეკრულებაში 21 ცვლილება შედის როგორია საკრებულოს ჩართულობა საკითხის მოგვარებაში? – კითხვებით ჩვენ წალკის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი გიგინეიშვილს დავუკავშირდით.
გიგინეიშვილმა კითხვის დასმაც კი არ გვაცადა ისე გადაგვამისამართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, აქ კი პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მოგვიწოდეს.
დავუკავშირდით, ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. ენმ-ს დეპუტატი წალკის საკრებულოში, მალხაზ მგელაძე გვეუბნება, რომ პირადად მას არაერთხელ დაუსვამს შეკითხვა საკრებულოს სხდომაზე თუ რატომ გაჭიანურდა გზის რეაბილიტაციის პროცესი, თუმცა უწყებისგან კონკრეტული პასუხი არც ერთხელ მიუღია.
როგორია მერიის ჩართულობა საკითხის მოგვარებაში და არის თუ არა დელეგირების ხელშეკრულება გაფორმებული მათსა და დეპარტამენტს შორის? – უწყებიდან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზეც გამოვითხოვეთ. ( პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება )
გზის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2021 წლის 30 ივლისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა 7-მა კომპანიამ მიიღო, მათგან ყველაზე მცირე თანხა სწორედ შპს “ენკომ” მოითხოვა და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა.
ამ ეტაპზე, დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას დეპარტამენტიდან 3 მილიონამდე ლარი აქვს მიღებული.
რა უფლებები და ვალდებულებები აქვს საკრებულოს მერიის და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მონიტორინგისთვის – ნახეთ სტატია: Რა კონტროლის ფორმებს (არ) იყენებენ ახალციხის საკრებულოს დეპუტატები