“მშვიდი ღამე” – ისტორია დედაზე, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს და შვილზე, რომელიც დედის მოსანახულებლად თავშესაფარში მხოლოდ შობის წინა საღამოს მიდის – სწორედ ამ ისტორიაზე დაფუძნებული სპექტაკლის ჩვენების გამართვას გეგმავს “მესხეთის დრამატული თეატრი” საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თეატრ “არგოში”, – ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია გვაწვდის.
დირექტორის, ირაკლი ათუნაშვილის თქმით, წარმოდგენა 2 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.
მოკლედ სპექტაკლის სიუჟეტის შესახებ:
“სპექტაკლი ორ პერსონაჟზე, დედა – შვილზე გვიყვება. სიუჟეტი მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება. შობის წინა საღამოს ლეო დედის მოსანახულებლად მოხუცთა თავშესაფარში მიდის. დედას წელიწადში ერთხელ, ყოველ შობას აქვს ოჯახის წევრების – შვილის, რძლისა და შვილიშვილების მონახულების შესაძლებლობა, დარჩენილი დროის გატარება, კი თავშესაფარში უწევს.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც დღის წესრიგში დადგა თავშესაფრის აუცილებლობა, ლეოს საცხოვრებელი ფართის სიმცირე და რძალ-დედამთილს შორის უთანხმოება იყო. შვილის ხილვით გახარებული დედა გასამგზავრებლად ემზადება, თუმცა ირკვევა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად შობის გატარება თავშესაფარში მოუწევს. დედა ვერ ეგუება თავშესაფარში ცხოვრებას და შობიდან შობამდე ოჯახის წევრების მონახულების იმედით ცოცხლობს. კიდევ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც დასრულდება შვილის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოები და მისთვისაც მოიძებნება დასარჩენი ადგილი!”