“მონა” – ამ შეძახილებით ქუჩაში მიმართეს სამხცე-ჯავახეთის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის მოადგილეს ზურა ხაჩიძეს. რის შემდეგაც, ხაჩიძე მათ მიუახლოვდა და ტელეფონზე ხელი ჰკრა და მოსთხოვა დაესაბუთებინა თუ რა თვალსაზრისით არის მონა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თათა ხუნდაძემ გამოაქვეყნა. ეს სწორედ ის პირია, რომელსაც ხაჩიძე დაუპირისპირდა.
რამდენად ეთიკურია საჯარო პირის მხრიდან ფიზიკური შეხება მისდამი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქისადმი? ჩვენ კითხვით ხაჩიძეს დავუკავშირდით. იგი გვეუბნება: “ადამიანმა პროვოკაციაზე გამომიწვია. ტელეფონზე მივკარი ხელი. ის არის ეთიკური ქალმა კაცს ქუჩაში მონა უძახოს? რა არის არაეთიკური ჩემი მხრიდან, გეკითხებით ? რა მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელე რომ ვარ, წიხლი დავარტყი, ვცემე, მოვკალი თუ რა გავაკეთე? რატო ამაზე არაფერს მეკითხებით როგორ იკადრა ამხელა ქალმა მონას დაძახება.”
ხელის კვრის შემდეგ, მოქალაქის მოწოდებაზე ხელი გაეჩერებინა (“დაემოკლებინა”), გუბერნატორის მოადგილე თავად დაემუქრა მას და უთხრა: “ხელებს დაგამოკლებინებ”.
ჩვენ ასევე ვცდილობთ ვიდეოს ავტორთან დაკავშირებას. დაკავშირების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ 2019 წლის 12 ივნისს დაინიშნა. ხაჩიძე ერთ-ერთი საჯარო მოხელეა, რომელიც TI-ის კვლევის მიხედვით დეკლარაციებს ყოველწლიურად დარღვევით ავსებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ოცნების” წარმომადგენელი მოქალაქეებს დაუპირისპირდა.
გუშინ, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა იმ ახალგაზრდას, რომელიც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტიდან გასულ დეპუტატებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.