ავტორები: რუსტამ მაილოვი, ლამუნა ირემაშვილი
გარდაბანში უცნობი პირი არასრულწლოვანების ინტიმური ხასიათის, შეურაცხმყოფელ ფოტოებს ავრცელებს, მოზარდების მშობლები ამბობენ, რომ ფოტოები გაყალბებულია და მათი წაშლის სანაცვლოდ პირი ფულს ითხოვს.
გარდაბანში მცხოვრებლები ამბობენ, ეს არ არის მსგავსი ხასიათის შანტაჟის პირველი შემთხვევა და ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.
TOK TV-სთან საუბრისას არასრულწლოვანების მშობლები ამბობენ, რომ პირადი ხასიათის ფოტოები სოციალური ქსელებიდან აიღეს, დაამუშავეს, ისე რომ მათ სახეს შეურაცხმყოფელი და ინტიმური ხასიათის კადრები გადაადეს.
Ნუბარ ბაირამოვა, ნაზარლოს სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ დაფიქსირდა: ,,არასრულწლოვანების მშობლებმა დახმარებისთვის უკვე მეორედ მიმართეს სამართალდამცავებს, იმედია სათანადო ზომებს მიიღებენ და იპოვიან დამნაშავეს.“
დაიწყო თუ არა გამოძიება? თუ კი, რა მუხლით? დაიკითხა თუ არა საქმის მოწმეები? – კითხვებით ჩვენს შსს არაერთგზის მივმართეთ, თუმცა უწყებიდან პასუხი მესამე დღე არ მიგვიღია.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით, საქმის გამომძიებელს გარდაბანში. მისი თქმით ძიება დაწყებულია, თუმცა საქმის სხვა დეტალები არ მოგვაწოდა.