ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
როგორ შეიძლება აისახოს გარემოზე და ეკოლოგიაზე ახალციხეში ველო ბილიკის მოწყობა და ამ ტრანსპორტის განვითარება
რამდენად გაითვალისწინა ახალციხის მერიამ, მოქალაქეების ინიციატივა ბილიკების მოწყობასთან დაკავშირებით 2024 წლის ბიუჯეტის შედგენისას
გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა სუდაძემ ახალციხეში ველო ბილიკების მოწყობის ინიციატივა, საკრებულოს სხდომაზე, 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს გააჟღერა.
საჯარო განხილვის დროს მოსახლეობის მხრიდან წარდგენილი ინიციატივების ნაწილი წესით მუნიციპალიტეტის მთავარ დოკუმენტში უნდა ასახულიყო, თუმცა საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატებს მოსახლეობის არცერთი ინიციატივა რეკომენდაციების სახით არ გაუცია, შესაბამისად არც მერიას დაუდასტურებია მათი ბიუჯეტში ასახვა.
რატომ არ აისახა ბიუჯეტში მოქალაქეების ინიციატივა და რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? – კითხვით მერიას მივმართეთ, მათგან პასუხის მიღებას ამ დრომდე ველოდებით.
ქალაქ ახალციხეში მცხოვრებლები ჩვენთან პირად საუბრებში გვეუბნებიან იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი არც თუ ისე გამართულად მუშაობს მათთვის გადაადგილებისთვის ველოსიპედები კომფორტული იქნება. გარდა ამისა, ისინი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობაზეც მიუთითებენ.
მათ შორისაა ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ახალციხეში ველო ბილიკების მოწყობა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება მნიშვნელოვნად შეამცირებს გამონაბოლქვს.
რაც შეეხება საკრებულოს მიერ 2024 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში მერიისთვის გაცემულ რეკომენდაციებს: TOK TV-სთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალურმა ორგანომ, მერიას მხოლოდ სამი რეკომენდაციით მიმართა, რომელთაგან მერიამ ორი გაითვალისწინა.
დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდაციები შეეხებოდა სანქციებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას. ასევე, გადასახადების მუხლში თანხის ნაწილის ინფრასტრუქტურული პროექტების მუხლში გადატანას და მგზავრების გადაყვანის პროგრამებზე გათვალისწინებული თანხის სხვა სოციალურ პროგრამების მუხლში გადატანას – აღნიშნულიდან მერიამ მხოლოდ ბოლო არ გაითვალისწინა.
საკრებულოს სამი რეკომენდაცია ჰქონდა გასულ წელსაც – დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად რეკომენდაციები მუნიციპალური ა(ა)იპების ხელფასების და სოციალური დახმარების მუხლში შემოსავლების მატებას ეხებოდა.
საკრებულოს სამი რეკომენდაცია ჰქონდა გასულ წელსაც – დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად რეკომენდაციები მუნიციპალური ა(ა)იპების ხელფასების და სოციალური დახმარების მუხლში შემოსავლების მატებას ეხებოდა.
რის საფუძველზე გასცემს საკრებულო ბიუჯეტში სხვადასხვა ცვლილების ინიციატივას და რამდენად ემთხვევა იგი მოსახლეობის ინტერესებს? – უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მათგან კი მხოლოდ ეს მივიღეთ:
“მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტები მზადდება მხარეთა ჩართულობით. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს და ანაწილებს ბიუჯეტს, ცხადია, თვითმმართველობისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.”
რატომ არის მნიშვნელოვანი საკრებულოს აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის წლის მთავარი დოკუმენტის შედგენისას და როგორია არსებული პრაქტიკა? – გვესაუბრება თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, არჩილ თოდუა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი, 32 500 000 მილიონი ლარით დაკომპლექტდა, მას შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბიუჯეტში სხვადასხვა მიზნით, 4 ცვლილება შეიტანა.