100 კილომეტრიანი მარში დმანისიდან-თბილისამდე

March 29, 2025

,,შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა!

დმანისიდან, სამოქალაქო აქტივისტები დღეს დილით 08.30 მარშით დაიძრნენ. ისინი გეგმავენ 31 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რისთვისაც სამი დღის განმავლობაში აქტივისტები 100 კილომეტრს, 4 მუნიციპალიტეტს და 20-მდე სოფელს მსვლელობით გაივლიან.

მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა.

აქტივისტებმა დმანისი უკვე დატოვეს, დღეს ისინი ბოლნისში 7 საათზე გამართავენ აქციას და ღამეს კარვებში გაათევენ. დილიდან კი მარნეულის მიმართულებით დაიწყებენ სვლას. ,,გავჩერდებით, ვაჩვენებთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 122-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის! 100 კილომეტრის მანძილზე გავივლით 4 ქალაქს, 20-მდე სოფელს და ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახებთ – საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ! შემოუერთდი ჩვენს მარშს ბოლნისო, მარნეულო, თეთრიწყაროვ, წალკავ, გარდაბანო, რუსთავო! კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობის ძალა! ერთად მოვითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ახალი, სამართლიანი არჩევნები! ახალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფო!“ წერია ,,სალამ“- ის ფეისბუქ გვერდზე.

ჩვენი რედაქცია ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს რაბილ ისმაილოვს დაუკავშირდა.

რაბილი გვეუბნება, რომ მათ უკვე დატოვეს დმანისი და დღეს ბოლნისში 7 საათზე გამართავენ აქციას მერიის შენობასთან. დილიდან გავაგრძელებთ მარშს მარნეულის მიმართულებით. გარშემო სოფლების მცხოვრებლებს შევეცდებით გავაგონოთ ჩვენი ხმა. აქცია იგეგმება მარნეულშიც. ამ რეგიონში მთელი სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური სექტორი ერთობლივად დავიძარით. 31 მარტს კი მივალთ თბილისში, რათა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, საქართველოს ევროპული გზა და წინსვლა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს შემოგვიერთდნენ და იყვნენ ჩვენთან ერთად, გავაძლიეროთ ეს პროტესტი, გავაძლიეროთ ჩვენი ხმა. პირველი ევროპელების რეგიონიდან ევროპული მომავლისთვის. “

დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის აღსანიშნად, 31 მარტს დედაქალაქში აქციაა დაგეგმილი.

უერთდებიან თუ არა მარშს წალკიდან, გარდაბნიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან?- ინფორმაცია ზუსტდება და მასალა განახლდება.

ფოტო : ,,სალამ“-ის ფეისბუქ გვერდი

ფოტო კადრები რედაქციას აქტივისტებმა გაუზიარეს

Tags: , , ,