პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
“ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ეს იმ წმინდანის სახელობის ტაძარია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები,” – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერთან ერთად წირვას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მთავრობის სხვა წევრები.
ტაძრის მშენებლობა კერძო პირმა 2009 წელს დაიწყო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტაძარი 2015-17 წლებში 300 000 ლარით დაფინანსდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ძირითადად ეზოს და გალავნის კეთილმოწყობას მოხმარდება, თუმცა სამუშაოებისთვის რა თანხის გამოყოფა იგეგმება ამის შესახებ გვითხრეს, რომ წერილობით მიგვემართა. 2020 წლის ახალციხის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამებისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი.
პრემიერის მიერ ახალციხეში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდა. შესაბამისად, ჩვენ შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.
ინფორმაციის პოსტ-ფაქტუმ გავრცელების მიზეზების გასაგებად, ჩვენ პრემიერის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც შემდეგნაირად გვიპასუხეს: “არავინ გაგვიფრთხილებია არც ადგილობრივი და არც ცენტრალური მედია. პრეს სამსახურმა გადაიღო და გაავრცელა.”
ავტორი: მიშო დარბაიძე