ადიგენის სოფელ უნწაში, ყოფილი კულტურის სახლის შენობას, რომელშიც მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები წირვა–ლოცვას წლების განმავლობაში აღავლენდნენ, მერია 18 100 ლარად ანგრევს, – ამის შესახებ ტენდერი გამოცხადდა.
ადიგენის მერიის ცნობით, ორი წლის წინ, აღნიშნული შენობა ორივე კონფესიას დააცლევინეს, რადგან იგეგმებოდა შენობის პირვანდელი სახით აღდგენა, თუმცა მისი ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა – დემონტაჟი.
რას და როდის ააშენებენ დანგრეული შენობის ნაცვლად ამ დროისთვის უცნობია, მერის თქმით ამას სოფლის მოსახლეობასთან შეათანხმებს.
რაც შეეხება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სალოცავებს. მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება: “მართლმადიდებელ მრევლს უკვე აქვთ ეკლესია აშენებული. თუ კათოლიკე მრევლი გადაწყვეტს ეკლესიის აშენებას ფინანსურად დავეხმარებით, თუ ალტერნატიულ ფართს მოიკვლევენ ამაშიც დავეხმარებით, მაგრამ ჩვენი მხრიდან ფართის მოძიება ან ეკლესიის აშენება ვერ მოხერხდება, რადგან კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას.”
“ისინი[მერია] სიტყვიერად დაგვპირდნენ, რომ გამოგვინახავდნენ ფართს,” – კათოლიკე მღვდელი უნწას სალოცავზე
რას პასუხობენ მერს კათოლიკურ სამრევლოში? – როგორც უნწის სამრევლოს ვიკარი ბექა ჩილინგარაშვილი გვეუბნება, მერისგან 2 წლის წინ მიიღო დაპირება, რომ როცა შენობის რეაბილიტაცია მოხდებოდა, მათთვის ერთ ოთახს გამოყოფდნენ. მისივე თქმით, ელოდებიან “პირობის შესრულებას”
რაც შეეხება მერიის მხრიდან, ეკლესიის მშენებლობაზე მზაობას. ჩილინგარაშვილის თქმით, “მოხარული იქნებიან თუ მათ პასუხს დააფიქსირებენ წერილობით.”
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულ შენობაში კათოლიკე მორწმუნეები წირვას 15 წლის განმავლობაში ატარებდა, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, იყო ხელსაქმის კურსები.
უნწაში კათოლიკეებს სამლოცველო არ აქვთ, ძველ შენობას ანგრევენ