როგორ უნდა მოხდეს გოდერძის კურორტების სწორი განვითარება და წინასწარ იქნას დაზღვეული რისკები – კურორტ ბეშუმის და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განხილვა, 12 მარტს, 14:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშია დაგეგმილი.
გარდა იმისა, რომ განხილვის ადგილი განაშენიანების ადგილიდან დაახლოებით 30 კილომეტრშია, სახელმწიფო უწყებები დიდად არ ცდილობენ, საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდონ.
ხულოს მერიას სოციალურ ქსელში 10 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, მაგრამ არცერთი პოსტი იმის შესახებ, რომ 12 მარტს გოდერძის განაშენიანების გეგმა უნდა განიხილონ. განხილვის ანონსის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, აქ, საჯარო ინფორმაციის ველში, მხოლოდ განაშენიანების გეგმის დოკუმენტებს ნახავთ.
რატომ არ აანონსებს მერია განხილვას? – ხულოს მერიიდან ინფორმაციის მიღებას ორი დღეა ველოდებით, გუშინ ჩვენს ზარებს უპასუხეს და გვითხრეს რომ მოიკითხავდნენ, დღეს კი – აღარ გვპასუხობენ.
საჯარო განხილვის დაანონსების პასუხისმგებლობას იცილებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში და გვეუბნებიან, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრია.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ვებ გვერდზე, 24 იანვარს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ხულოში დაგეგმილი შეხვედრის ანონსი და დეტალური ინფორმაციაა განთავსებული. ინფორმაცია გადაზიარებული აქვთ ცენტრის Facebook გვერდზეც.
რას ამბობს კანონი?
საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის 15 იანვარს მიიღო კანონი განაშენიანების გეგმის შესახებ, სადაც ინფორმაციის გავრცელებისთვის სავალდებულო მექანიზმად, მხოლოდ საკრებულოში თვალსაჩინო დაფაზე, ან მიმდებარე ტერიტორიაზე გაკრული საინფორმაციო პოსტერებია.
როგორ უნდა ხდებოდეს სწორი ინფორმირება
როგორი უნდა იყოს სწორი წინასწარი შეტყობინება, რამდენად სრულდება ეს და რამდენად არის მნიშვნელოვანი მოსახლეობა ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გვესაუბრება ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი.
საინიციატივო ჯგუფ, “გოდერძის მეგბრების” ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმოამდგენლის, რეზო გეთიაშილის თქმით, სწორი განვითარების პროცესი ადგილობრივების და ეროვნული ინტერესების დაბალანსებაა, რა დროსაც ბუნდოვანების და გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა განხილვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა.
“არსებობს მაგალითები, როდესაც, კომუნიკაციის და დიალოგის არ არსებობამ, გამოიწვია ის, რომ პროექტები ვერ ხორციელდება,” – გვეუბნება გეთიაშვილი.
მოხდება თუ არა გოდერძის სწორი განაშენიანება, ჩაანაცვლებს თუ არა პატარა სახლებს მრავალბინიანი შენობები და გაანაშენიანებენ თუ არა მეწყრულ და ეროზიულ ფერდობს? – ეს ხვალ, 12 მარტის განხილვაზე გახდება ცნობილი.
რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.
ამავე თემაზე: