ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების გასაჯაროების შემდეგ, მონასტერში სადღესასწაულო წირვებს აღარ გაძღოლია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი – შეუჩერდა თუ არა მას მღვდელმსახურება საპატრიარქომ და დაიწყო თუ არა გამოძიება შესაბამისმა ორგანოებმა. პარალელურად მრევლის ნაწილი ნიკოლოზ გეწაძის მხარდამჭერ შეკრებებს მართავს და მის ახალ მონასტერში გადაყვანას ითხოვს.
ჩვენს რედაქციას რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, რომ ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმსახურება შეუჩერდა, თუმცა , კითხვაზე პასუხი საპატრიარქოსაგან ამ დრომდე არ გვაქვს. თითქმის ერთ თვიანი მცდელობის მიუხედავად, პასუხი არ გვაქვს არც ახალციხის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძისგან, რომლის ეპარქიაში ზარზმის მონასტერიც შედის, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
დაიწყო თუ არა საქმის ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ? – პასუხს ჯერ ისევ ველოდებით.
ადიგენის, სოფელ ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ნიკოლოზ გეწაძეს, რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” რამდენიმე ადამიანის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.
ამავე წყაროს ცნობით, “სამი მათგანი ჰყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. მათი მონათხრობის მიხედვით, ბოლო შემთხვევა 5 თვის წინ, სექტემბერში მოხდა.
მედიის ცნობით, ფაქტის გახმაურების შემდეგ, სასულიერო პირმა ქვეყანა დატოვა.
რა მოხდა
თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ გეწაძეს “მექალთანეობის, მრევლ გოგონებზე და ქალბატონებზე აღვირახსნილი ნადირობის” გამო მღვდელმსახურება შეუჩერდა და ზარზმის მონასტრის წინამძღოლობიდან გადააყენეს, პოსტი სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, 3 იანვარს გამოაქვეყნა.
ჩვენი რედაქცია სწორედ 3 იანვრის შემდეგ ცდილობს დაადგინოს რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. ამ მიზნით ჩვენ თავად ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ნიკოლოზ გეწაძეს დავუკავშირდით.
5 იანვარს, კომუნიკაციის ორდღიანი მცდელობის შემდეგ, ჩვენთან გაკეთებულ კომენტარში ნიკოლოზ გეწაძემ გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ტელეფონი გაგვითიშა.
თემაზე მუშაობის პერიოდში ჩვენ რამდენიმე წყაროს ვესაუბრეთ, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათი ნაწილი ადასტურებს დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ნაწილი – უარყოფს.
როგორც ჩვენს რედაქციას რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, გეწაძეს ზარზმაში სადღესასწაულო, კერძოდ – საშობაო და ნათლისღების წირვები არ ჩაუტარებია. საუბრობენ რამდენიმე გარემოებაზე, მათ, შორის, გვეუბნებიან, რომ ახალი წლის პერიოდში სასულიერო პირი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ნაწილი ამბობს, რომ იგი სამკურნალოდ იმყოფებოდა. რა მიზეზით არ უძღვებოდა სადღესასწაულო წირვებს ნიკოლოზ გეწაძე? – კითხვაზე პასუხი მისგან ვერ მივიღეთ, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
მრევლის მიერ სასულიერო პირის სექსუალურად შევიწროების ბრალდებების პარალელურად, ნიკოლოზ გეწაძის სოლიდარობის გამოსახატად გამართულ შეკრებაზე საუბრობს საზოგადოების ნაწილი.
არაერთი წყარო გვეუბნება, რომ რამდენიმე დღის წინ, სოფელ მოხეში, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მრევლი შეიკრიბა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ნიკოლოზ გეწაძეს და ითხოვდნენ მის ადიგენში დარჩენას, კერძოდ კი ქვაბიჯვრის მონასტერში.
რა ვერ გავიგეთ
ჩვენმა რედაქციამ ამ დრომდე ვერ მიიღო საპატრიარქოსგან ოფიციალური კომენტარი და კითხვაზე პასუხი: შეუჩერდა თუ არა ღვთისმსახურება და ან თუ გადაჰყავთ ნიკოლოზ გეწაძე სხვა ეპარქიაში ?
ასევე, თითქმის ერთთვიანი მცდელობის შემდეგაც ვერ გავარკვიეთ თუ რა პოზიცია აქვს მის ეპარქიაში
შეუვალი სასულიერო პირისადმი სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან დაკავშირებით ახალციხის მიტროპოლიტს, თეოდორე ჭუაძეს. იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ გეწაძე ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც 2024 წლის 8 მარტს, მრევლთან ერთად ადიგენში, მუსლიმი თემის კერძო სახლში მივიდა და საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვდნენ, რომ მუსლიმ თემს კერძო სახლში პარასკევის ლოცვა აღარ ჩაეტარებინათ.
საპროტესტო აქცია, ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს მიმდებარედ
რა გაგრძელება მოჰყვა ამბავს? – ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთმანეთში მორიგდა.