„ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც კლიმატის ცვლილებას გრძნობს და უკანასკნელი თაობა, რომელსაც შეუძლია რაიმეს გაკეთება,“ — ეს სიტყვები თქვა ამერიკის ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2015 წელს, პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP21) გამოსვლის დროს.
კლიმატის ცვლილება დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. იზრდება ტემპერატურა, ხშირდება სტიქიური მოვლენები, დნება მყინვარები და ზღვის დონე მატულობს. ეს პროცესები საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემებს, ისე – ადამიანების ჯანმრთელობას.
სწორედ ამიტომ, ქვეყნები სულ უფრო აქტიურად გადადიან განახლებად ენერგიაზე და ეძებენ მდგრად, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებს. ამ მიმართულებით საქართველოში არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
სწორედ ზემოხსენებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ფოთის კოლეჯ “ფაზისში” მზის პანელების დამონტაჟების სასწავლო პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განახლებადი ენერგიის სფეროში პრაქტიკული, თანამედროვე და რეალურად მოთხოვნადი პროფესია შეისწავლონ.
ინიციატივა პროექტის – „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა – ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით და “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან” (GREDA) პარტნიორობით ხორციელდება.
ორგანიზატორების თქმით, კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ ნაწილს. ანუ, მონაწილეები ადგილზე, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლიან, როგორ მონტაჟდება პანელები, სისტემების გამართვა, ტექნიკური მომსახურება და ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ვინ შეძლებს სწავლას? – მზის პანელების მონტაჟის სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მე-9 კლასიდან ზემოთ. ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ 15 მოსწავლიანი ჯგუფების დაკომპლექტება იგეგმება და სწავლა უფასოა.
კოლეჯში უკვე მოწყობილია ლაბორატორია, სადაც განთავსებულია მზის პანელები და სწავლებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი.
“პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოთისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვის. მსგავსი პროფესიული პროგრამები მოქალაქეებს აძლევს შანსს, მიიღონ ახალი კვალიფიკაცია, დაიწყონ საკუთარი საქმე ან დასაქმდნენ მზარდ სექტორში. ეს არა მხოლოდ ინდივიდების გაძლიერებას, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ჩნდება ახალი სპეციალისტები, იზრდება ადგილობრივი სერვისები და მცირდება ენერგოდამოკიდებულება,” – აცხადებენ ორგანიზატორები.
მზის ენერგიაზე გადასვლას თავის მხრივ ეკოლოგიური სარგებელიც აქვს, რადგან მზის პანელები და მისგან მიღებული ელექტრო ენერგია ამცირებს სათბურის აირების გამოყოფას ატმოსფეროში, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შენელებას, ჰაერის დაბინძურების შემცირებას და საბოლოოდ — ადამიანთა ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.
“სუფთა ენერგიის გამოყენება ნიშნავს ნაკლებ დაბინძურებას, უფრო ჯანსაღ გარემოს და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ეფექტების შემცირებას.”
ევროკავშირის გამოცდილება
განახლებად ენერგიაზე გადასვლა, მზის პანელების გამოყენების კულტურის დანერგვა და გარემოზე ნაკლებად ზემოქმედება ევროკავშირში განსაკუთრებით აქტიურია. მრავალი ქვეყანა მასიურად ახორციელებს მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს, აფინანსებს მწვანე პროფესიულ განათლებას და ამზადებს ათასობით ინსტალატორსა და ტექნიკურ სპეციალისტს.
ევროკავშირის „მწვანე კურსის“ (Green Deal) ფარგლებში განახლებადი ენერგიები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან მიზანია 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალური ეკონომიკის შექმნა.
„თქვენ არასდროს ხართ ძალიან პატარა იმისთვის, რომ ცვლილება შექმნათ,“ — გრეტა ტუნბერგი, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP24), 2018 წელი.