ნინო ხაზალაშვილი, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში” 5 წელზე მეტი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერად მუშაობდა.
2025 წლის 20 იანვარს, სამსახურიდან, მისივე თქმით, ერთ-ერთ პოსტზე “ჰა-ჰა” რეაქციის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს. პოსტის შინაარსზე გათავისუფლებული პირი მედიასთან არ საუბრობს.
ინტერმუნიციპალური ააიპიდან დათხოვნილი პირის პირველი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მოსარჩელე მხარე სამსახურში იგივე ან ტოლფას პოზიციაზე აღდგენას და კომპენსაციას მოითხოვს.
თუმცა, დღესვე სხდომაზე გაირკვა, რომ ააიპში სადავო თანამდებობა უკვე გააუქმეს. ამასთან, ააიპისხელმძღვანელის, დავით მუმლაძის თქმით, მათ არც ტოლფასი პოზიციის შეთავაზება შეუძლიათ. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის დაზუსტება დაევალა. მომდევნო სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა.
რა მიზეზით გაათავისუფლეს ხაზალაშვილი? – დღეს მედიის ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან ააიპის ხელმძღვანელმა და მერიის იურისტმა კომენტარი არ გააკეთეს.
30 იანვარს, ააიპის ხელმძღვანელი ჩვენს რედაქციასთან ამბობდა, რომ ორგანიზაციაში ხაზალაშვილის პოზიციის საჭიროება აღარ იყო, რის გამოც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.