საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დიდთოვლობამ საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეზღუდა. შესაბამისი სამსახურები რამდენიმე დღეა გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ასრულებენ. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე გაწმენდილია თბილისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და მიმდინარეობს თეთრიწყარო-მანგლისის დამაკავშირებელი მონაკვეთის წმენდა.
შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა სოფელ დურნუკში, ქოსალარში, ხაიშსა და წინწყაროში. დამატებითი ტექნიკით იწმინდება სოფელი ჭივჭავი.
„ძლიერი თოვის გამო, გადაადგილება შეზღუდულია ბოლნისის, დარბაზის, ტანძიის, ძველი ქვეშისა და ქვეშის თემებში, ასევე სოფელ დისველში – სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს, ადგილზე, ეტაპობრივად, ახორციელებს და პროცესი, საჭიროების შესაბამისად, კვლავ აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შეფერხებულია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც – ირგანჩაი, საკირე, გორა, ლოქჭანდარი, კამიშლო, კარაბულახის ზედა სოფლები და იფნარის თემი,“- აღნიშნულია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალკის მუნიციპალიტეტშიც. წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა გრძელდება. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები, ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე მიმდინარეობს.
წალკის მუნიციპალიტეტში სპეც-ტექნიკის მუშაობას ქარბუქი აფერხებდა, თუმცა, დღეისათვის ვითარება დასტაბილურდა. წალკის მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მოსახლეობას ენერგომომარაგების პრობლემა არ შექმნია.
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააავტომობილო გზების დეპარტამენტიც. მათი განცხადების მიხედვით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, გაწმენდითი სამუშაოები გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ქვემო ქართლის მხარეში ნალექიანი ამინდი გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში, რეგიონში კვლავ თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი. ამინდი კვირის ბოლოდან გაუმჯობესდება.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი