ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რა წერია გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის ბიუროს დასკვნაში? ეს, ოჯახის ადვოკატების ცნობით, მალე გახდება ცნობილი, რადგანაც მათ დასკვნა უკვე გადაეცათ.
როგორც ადვოკატი ნინო ამაღლობელი გვეუბნება, დასკვნა გადაგზავნილია ექსპერტებთან განსახილველად, რის შემდეგაც, ოჯახთან შეთანხმებით, შედეგებს გაასაჯაროებენ.
“გადმოგვეცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის განხილვა და ანალიტიკა ექსპერტების კომპეტენციაა. რა კითხვებიც დაისვა ჩვენი მხრიდან ამაზე პასუხები იქნება გაცემული მას შემდეგ რაც, ექსპერტები მოგვაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას,” – გვეუბნება ნინო ამაღლობელი.
შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის დასკვნის დადების შესახებ ადვოკატებმა ჩვენგან გაიგეს. ჩვენ რედაქციას დასკვნის არსებობის ინფორმაცია წყარომ მიაწოდა. მას შემდეგ, დოკუმენტი ადვოკატებმა დაახლოებით 2 თვეში მიიღეს.
რა ეტაპზეა ანტონ ობოლაშვილის ინიციატივა მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ? – კითხვა ობოლაშვილს ახალციხის საკრებულოს და მერიის ანგარიშის წარდგენაზე დავუსვით. მისი თქმით, თუ ოჯახი ჩათვლის საჭიროდ, პროცესში ჩაერთვება.
“როგორც ვიცი გამოძიება დასრულებულია, თუმცა საბოლოო შედეგი მე არ მინახავს. თუ ოჯახი ჩათვლის საჭიროდ მზად ვარ ნებისმიერ საფეხურზე ჩავერთო და გავუწიო მხარდაჭერა,” – გვითხრა ობოლაშვილმა.
გარდაცვლილი მედდის ოჯახისთვის კომპენსაციაზე სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი 2021 წლიდან საუბრობს. მან 2021 წლის 30 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმდროინდელ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვა.
2021 წლის 18 მარტს ახალციხის კლინიკა «იმედში» ახალგაზრდა მედდამ კორონავირუსის საწინააღმდეგო «ასტრაზენეკას» (შემდგომში „ვაქსზევრიად» წოდებული) ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და 19 მარტს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზი საზოგაოდებისთვის ამ დრომდე უცნობია.