ახალციხეში, N4 ე.წ ჯაყელის ბაღის დემონტაჟს და მის ადგილზე ახლის აშენებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” უკვე 4 თვეა ითხოვს. შესაბამისი პეტიცია ახალციხის საკრებულოს სხდომაზე ორჯერ გაიტანეს, ბოლოს, გუშინ გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა საკითხის განხილვის 1 თვით გადადებაზე იმსჯელეს, როგორც საკრებულოში გვეუბნებიან, ზემოთ ხსენებული შენობის მდგრადობას სამხარაულის ბიურო სწავლობს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვეუბნებიან ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ექვემდებარება თუ არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა დემონტაჟს. ვინაიდან პეტიციით მოქალაქეები ავარიულობის გამო შენობის დანგრევას და ახალის აშენებას ითხოვენ. დაკმაყოფილდება თუ არა ის ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გადაწყდება.
თუ როდის გახდება ცნობილი სამხარაულის ბიუროს დასკვნა ? აღნიშნული კითხვით ჩვენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, გვითხრეს რომ პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან. ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში კი საკითხის მოკითხვას დაგვპირდნენ.
როგორც პეტიციის ავტორი “ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს “ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი თამუნა უჩიძე გვეუბნება აღნიშნული გადაწყვეტილება გადავადების შესახებ მას წერილობით ეცნობა და მოლოდინი აქვს, რომ მისი პეტიცია დაკმაყოფილდება.
პეტიცია ახალციხის საკრებულოში 13 აპრილს შევიდა. დოკუმენტს 360 მოქალაქე აწერს ხელს.