ამ მასალაში ვაზუსტებთ, არის თუ არა მერია პასუხისმგებელი სამინისტროსთან, უნდა შეასრულოს თუ არა მერიის თანამშრომელმა სამინისტროს წარმომადგენლის მოთხოვნა, მით უფრო თუ ეს მოთხოვნა ეხება მედიისთვის ინფორმაციის გადაცემას.
საიდან გაჩნდა ეს კითხვები? მართალია, წესით ის ჩვენი კანონმდებლობის პირობებში არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ მათი განმარტება საჭიროდ ჩავთვალეთ მას შემდეგ რაც, ტელეკომპანია მთავარის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა ახალციხის მერიაში დარეკა ჯერ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს სახელით და გააფრთხილა თუ რა უნდა ეთქვათ მათ მთავარის ჟურნალისტისთვის, შემდეგ კი ჟურნალისტის სტატუსით დარეკა და მერიიდან ის პასუხი მიიღო, რაზეც გაფრთხილებული იყვნენ.
ის, რომ “მთავარის” ჟურნალისტისგან ზარი ნამდვილად განხორციელდა ახალციხის მერიაში, გვიდასტურებს მერი, ირაკლი ლაზარაშვილი.
ვიდრე განმარტებებზე გადავიდოდეთ, მანამდე გავიხსენოთ, რას პასუხობდა TOK TV -ს ახალციხის აუზის თემაზე ადგილობრივი მთავრობა, ციტატა: “ზედამხედველობის პროცესში ჩართულები არ არიან.”
ახლა კი განვმარტავთ საქართველოს მმართველობით სტრუქტურას:
მინისტრი, მისი მოადგილეებით და დაქვემდებარებული პირებით, ეკუთვნის ცენტრალურ მთავრობას, რომელიც ინიშნება პარლამენტის მიერ, – მინისტრის მოადგილეები და დაქვემდებარებულები პარლამენტის მიერ არ ინიშნება.
ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევს ხალხი არჩევნების მეშვეობით, რომელსაც კანონის მიხედვით უფლებამოსილება აქვს თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელოს.
“ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ავალებს მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს რომელ ჟურნალისტს რა უთხრას და რომელს – არა ეს ყოველგვარ დემოკრატიას ცილდება,” – გვეუბნება თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, მაგდა პოპიაშვილი.
იგი პრეცენდენტს “მახინჯ პრაქტიკას” უწოდებს და ამბობს, რომ ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ძლიერი თვითმმართველობა არ არის.
პრაქტიკა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ხდება, “დავალებების” მიცემის სახით, არ უნდა იყოს წახალისებული, – გვეუბნება თვითმმართველობის საკითხების მკვლევარი, კოკა კიღურაძე.
ჩვენ ვკითხეთ ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს – რამდენად მართებულად მიაჩნია მერიის თანამშრომლების მიერ სამინისტროების წარმომადგენელთა უაპელაციო მორჩილება? – თუმცა მან პასუხად სხვა განმარტება მოგვცა
რაც შეეხება სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობას – მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი ხელშეკრულება 11 მილიონზე მეტ თანხაზე ქართული ოცნების შემწირველს, შპს “არალს” გაუფორმა, რომელმაც სამუშაოები 2024 წლის დასაწყისში უნდა დაასრულოს.