როცა ადამიანი კლავს ძაღლს/ როცა ძაღლი კბენს ადამიანს

June 15, 2023

წალკაში ძაღლის მოკვლის ფაქტს შსს სწავლობს. ფაქტის ამსახველ  ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქსელშივე საზოგადოების მხრიდან ემოციური განხილვა მოჰყვა.  ნაწილი დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვს,  ნაწილი კი, მათ შორის წალკის მაცხოვრებლები,  მიუსაფარი ძაღლების მომრავლებისა და უკონტროლობის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღრებას.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, გვიან ღამით პირი ძაღლს კლავს – როგორც ვიდეოს ავტორები აცხადებენ, შემთხვევა წალკაში მოხდა.

როგორც ვიდეოში ჩანს პირი ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესვრის.

ბრალდებული შშს-მ უკვე დააკავა
ვის ევალება მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობა?
რა შედის ვალდებულებებში და რას ამბობს კანონი?
რა კომპეტენცია გააჩნია თვითმმართველობას?
წაიკითხეთ აქ: ვის ევალება მიუსაფარი ცხოველების მო
ვლა?

TOK TV -ს ორი დამოუკიდებელი წყარო წალკის მუნიციპალიტეტიდან ეუბნება, რომ ძაღლის მოკვლის ფაქტს,  წინ ადგილობრივ ბავშვზე ძაღლის მხრიდან აგრესია უძღვოდა.

სოციალურ ქსელში წალკის მაცხოვრებლები შემდეგ კომენტარებს წერენ:

,,აი გეფიცებით რამდენჯერ დავწერე სად არ დავაკომენტარე რომ ქუჩის ძაღლების პრობლემ მოსაგვარებელი იყო, სურათის კი ჩავუგდე წალკის მუნიციპალიტეტის გვერდს სადაც ათი ძაღლი ჩემს ეზოში დადიოდა ბავშვი შემიშინეს და არაფერი რეაგირება არ მოყვა” .

,, არავინ არ ამბობს რომ ცხოველები დახოცონ და არ გაუფრთხილდნენ მაგრამ არის გაუსაძლისი მდგომარეობა სოფელ ტბეთში ვერც ბავშვები ვერ გადაადგილდებიან და ვერც მოზარდი საქონელს ვერ ვტოვებთ საბალახოდ უამრავი ძაღლი დადის გრუპად მშიერი ძაღლი ჭამენ მოზარდ პირუტყვს ძაღლი მაგრამ ადამიანებიც ხომ ცოდოები არიან მაგას შესცქერის გლეხი ხალხი რატომ არავინ არ მიაქცია ყურადღება როცა ხბო დაგლიჯეს და შეჭამეს ვინ გადაუხდის პატრონს ამ დანაკარგს“

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფუნქციებში შედის. წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის მუხლი ვერ ვიპოვეთ.

TOK TV კვლავ ეცდება საკითხზე ადგილობრივი მთავრობის პოზიცია დააზუსტოს.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. TOK TV-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ  საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობა გულისხმობს.

სსკ-ს მიხედვით, სანქციების სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გასულ კვირას პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილება ითვალისწინებს ღია სივრცეში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამკაცრებას.

ნებისმიერ ღია სივრცეში მფლობელი, ძაღლის ალიკაპის ან საბმელის გარეშე ყოლის შემთხვევაში, 20 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტი არ ფარავს უპატრონო, მიუსაფარი ძაღლის შემთხვევაში ალიკაპის ტარების წესებს.

სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში ძაღლების 75% უსახლკარო და უპატრონოა.