ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხელი მედდის გარდაცვალების შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა. შესაბამისად ზუსტად ამდენი დროა რაც გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. ჩვენ დავინტერესდით თუ რა არის ცნობილი შემთხვევიდან 70 დღეზე მეტის გასვლის შემდეგ და შეკითხვა ყველა იმ უწყებას დავუსვით, რომელიც პროცესში ჩართულია.
დასრულდა თუ არა ექსპერტიზა და როდის გახდება დასკვნა ცნობილი? კითხვით ჩვენ სამხარაულის ბიუროს მივმართეთ. უწყებაში ამჯერადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა.
“მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჯერ არ დამტავრებულა. დეტალებისთვის დარეკეთ საგამოძიებო ორგანოში.”
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო – “საკითხზე სიახლე არაფერია.”
შსს – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ დაგვკავშირებიან. არაოფიციალურად კი გვითხრეს, რომ სიახლეების შემთხვევაში ინფორმაციას შეგვატყობინებენ.
ჩვენ ასევე ვცადეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირება,თუმცა იქ ჩვენს ზარებს საერთოდ არ უპასუხეს.
რას ფიქრობენ საჯარო დუმილის ფონზე გარდაცვლილის ოჯახის წვერები და მათი ადვოკატები? ვახტანგ ბარამაშვილი სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დაგვიანებას საეჭვოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მედდის საქმეში ყველა ნაბიჯი გაჭიანურებულია.
“გვაქვს მიზეზები, რის გამოც არ ვენდობით გამოძიებას” გვეუბნება გარდაცვლილის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებასთან ირიბი კომუნიკაციის ფონზე ეჭვი აქვს რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით სამცხის დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს, რომელმაც მედდის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში არაერთხელ ისაუბრა. ობოლაშვილი გვეუბნება, რომ მას პირადად ჰქონდა სამხარაულის ბიუროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, “სრული სურათის შესწავლისთვის 2 თვეზე მეტია საჭიროო.”
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ახალციხეში , კლინიკა “იმედში” მედდამ, ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა. 27 მარტს კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.