სამსახურიდან გაათავისუფლეს, ახალციხის N5-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნათია ნებერიძე, – ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ყველაზე რთული კითხვა დილით დამისვეს :
– დე, რატომ გამოგაგდეს სკოლიდან ?!! აქ ბევრი მყავხართ ვინც ამ კითხვას ცინიკური ღიმილით უპასუხებდით … სამწუხაროდ ბევრნი ხართ.
ოფიციალურად კი სკოლამ ფინანსური კრიზისის გამო( დიახ, სწორად კითხულობთ : )) ჩემთან თანამშრომლობა შეწყვიტა,” – წერს მასწავლებელი.
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით ნებერიძეს, თუმცა მან დამატებით კომენტარი ჩვენს რედაქციასთან არ გააკეთა.
ნებერიძე გასული წლის დეკემბრის თვეში, პოსტებში წერდა პროევროპულ და საქართველოში მიმდინარე მოვლების კრიტიკულ შეფასებებს.
უკავშირდება თუ არა მასწავლებლის გათავისუფლება მის პოსტებს? ამის გარკვევა ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორთან ინგა ვარდიძესთან ვცადეთ, რადგან ბოლო დროს სოციალურ ქსელში მოსაზრებების გამო არაერთი პირი გაათავისუფლეს. მათ შორის არის DMO-ს თანამშრომელი ნინო ხაზალაშვილი და ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე. თუმცა კითხვის მოსმენის შემდეგ, დირექტორმა გვითხრა რომ შეხვედრაზე იყო და ტელეფონი გაგვითიშა.
ჩვენს ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას სტანდარტულად არ უპასუხა არც ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემაც.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.