ნინოწმინდის სოფელ ფოკაში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჯარში მსახურებისთვის ემზადებოდა და ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე ე.წ კარანტინს გადიოდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მან ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა.
“როცა გამოწერეს საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში შეუძლოდ გამხდარა და სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ გარდაიცვალა. ვარაუდობენ თრომბს. მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს გამოძიება დაადგენს.”
იმყოფებოდა თუ არა პირი სამხედრო ბაზაზე, როდესაც შეუძლოდ გახდა? თავდაცვის სამინისტროში ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვეს.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს სამცხე-ჯავახეთის სასამართლო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი. მისი განცხადებით, გუშინ პირი მასთან მიიყვანეს და ექსპერტიზა ჩაუტარეს, რომლის პასუხიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება.
“შემოიყვანეს გუშინ, ჩავუტარე ექსპერტიზა და გადავაგზავნე თბილისში. პასუხები დაახლოებით ერთ თვეში იქნება, წინასწარ შეფასებას ვერ გავაკეთებ.”
გარდაცვლილმა ახალგაზრდა მამაკაცმა 11 ნოემბერს ოპერაცია ახალციხის კლინიკა “ევექსში” გაიკეთა, ხოლო 16 ნოემბერს გაწერეს, როგორც კლინიკის დირექტორი, სოფო მორგოშია გვეუბნება პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო.
“16 ნოემბერს გავწერეთ და მას შემდეგ იგი ჩვენ არ დაგვიბარებია და არც თავისი ნებით მოსულა კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თავისი ფეხით წავიდა,” – გვითხრა მორგოშიამ.
დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში? უწყებაში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში უნდა გადავამოწმოთ.