ავტორი: ინგა ირიციანი – 577681889
“30 % მოსავალს ვერ ვიღებთ იმიტომ რომ ვერ ვრწყავთ, არ გვაქვს სარწყავი სისტემა მოწესრიგებული.”
ნაირა მახარაძე, ქალაქ წალკაში ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობას მისდევს. გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტში ფერმერები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორისაა სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობა და ხარისხი.
როგორც ფერმერი ამბობს, იმის გამო რომ გასულ წელს საკარტოფილე ნაკვეთი ვერ მორწყეს, გაცილებით მცირე მოსავალი მიიღეს.
“შარშან პრობლემა შეგვექმნა, მოსავალი არ იყო. ძალიან დიდი ზიანი მოგვადგა.”
სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაზე საუბრობს წალკელი ფერმერი ჯონი ღორჯომელიძეც. ამბობს, რომ სარწყავი წყლისთვის ინფრასტრუქტურა მოწყობილი ამ დრომდე არ არის.
“სარწყავი არხები და მილები მოწყობილი თავიდანვე არ ყოფილა და არც ახლა არის, მოსახლეობას ბოსტნების და ბაღების მოსარწყავად არსებული რესურსი არ ჰყოფნის. ხარვეზები არის, მაგრამ სიტუაცია გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.”
ის რომ მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით, საუბარია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც LAG-მა USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა.
წალკის LAG-ი – ადგილობრივი თემის განვითარების ინიციატივები და კვლევაზე დაფუძნებული მოქმედებები
როგორც კვლევაში ვკითხულობთ: “მუნიციპალიტეტი მდიდარია წყლის რესურსებით. მათ შორის აღსანიშნავია მდინარე ქცია (ხრამი) და წალკის წყალსაცავი, რომლებიც წარმოადგენენ სასმელი, სარწყავი და ენერგეტიკული წყალმომარაგების პერსპექტიულ რესურსს.”
რა პროექტები მიმდინარეობს წალკის მუნიციპალიტეტში მელიორაციის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით? რამდენ სოფელშია გაყვანილი სარწყავი მილები და არხები? რა თანხაა გამოყოფილი წალკაში მელიორაციის საკითხების მოგვარებისთვის 2023 წელს და 2024 წელს ? კითხვებით ჩვენ წალკის მუნიციპალიტეტს მივმართეთ, უწყებაში კითხვებზე პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვთხოვეს.
საკითხებთან დაკავშირებით პასუხის მიღებას ერთ კვირაზე მეტია ველოდებით საქართველოს მელორაციიდან. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში სარწყავი სისტემის შესახებ ინფორმაცია ვერ ვიპოვეთ.
„რას ვსვამთ“ – სასმელი წყლის ხარისხი, მიწოდება და ხარვეზები წალკის მუნიციპალიტეტში
“წყლის რესურსების მართვის” ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
კიდევ რა ბერკეტები ექნება მუნიციპალიტეტს და რას შეცვლის ახალი კანონი, ნახეთ სტატია: რას ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს წყლის ახალი კანონი
მთავარი ფოტო: Georgian Travel Guide.