მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯავახეთში და 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებზე მისულ მხარდამჭერებს 20 ლიტრ საწვავს უსხამს – ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში ვკითხულობთ.
ორგანიზაციის ექსპერტები მომხდარს “სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის” კვალიფიკაციას აძლევენ.
“16 სექტემბერს, ნინოწმინდაში დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის შტაბის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, დაახლოებით 100-მდე ადამიანის მონაწილეობით. შეხვედრაზე მანქანით მისულ მხარდამჭერებს მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე 20 – 20 ლიტრი საწვავი ჩაუსხეს,” – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, TOK TV დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას თავად ენზელ მკოიანთან ცდილობდა, თუმცა უკვე მეორე დღეა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. მისი თანაშემწე, ევგენია კარაპეტიანი კი გვეუბნება, რომ მკოიანს არ სცალია.
“სამართლიანი არჩევნების” რეგიონული ხელმძღვანელი, ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას.
“ამის შესახებ ჩვენ ერთ-ერთმა პიროვნებამ გვითხრა, რომელსაც არ სურდა თავისი სახელი გაჟღერებულიყო თვითონ ეს პირიც იყო შეხვედრაზე და მკოიანმა 20 ლიტრი საწვავი ჩაუსხა მანქანაში. ეს არის სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვა და რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა,” – გვითხრა ბიბილეიშვილმა.
ავტორები: მიშო დარბაიძე ; ინგა ირიციანი — 577681889