26 წლის პირი ოკუპირებული გალის რაიონში ცხოვრობს, როგორც წესი საქართველოში მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და ხმის მიცემას წელსაც გეგმავდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო არჩევანის უფლების გარეშე რჩება.Covid-19-ის გამო ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის შემდეგ მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი ორი კვირით უნდა დატოვოს.
“ყოველთვის გადავდიოდი საქართველოში ხმის მისაცემად, ჩემთვის როგორც, საქართველოს მოქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ვერ მივდივარ, იმიტომ რომ მაინც კარანტინში მიშვებენ. ამდენი ხნით (14 დღით) ვერ წავალ, ოჯახი მყავს, უნდა მივხედო” – ამბობს ჩვენთან საუბრისას რესპოდენტი გალიდან.
მოქალაქეებმა იციან, რომ ეს პროცედურა კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ემსახურება, მაგრამ ხმის უფლების სანაცვლოდ შეზღუდვა მიუღებელია.
“რატომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენზე. როცა არჩევნებია ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული. გალში რომ ვცხოვრობთ იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვართ საქართველოს მოქალაქეები.” – აღნიშნავს კიდევ ერთი მცხოვრები გალიდან.
რამდენი ადამიანი დარჩა კონსტიტუციური უფლების გარეშე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა უცნობია. შესაბამის უწყებაში გვეუბნებიან რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ამომრჩევლების აღრიცხვას ვერ აწარმოებენ.
გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლების დაცვის სპეციალური გეგმა თბილისში არ აქვთ. მუშაობდნენ თუ არა უფლებამოსილი უწყებები ალტერნატიულ გზებზე რათა უზრუნველყოთ ამ რეგიონებში მცხოვრებთა არჩევნებში მონაწილეობა? კონკრეტული პასუხი ვერც შერიგების და ვერც ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ. პასუხი არც ცესკოში აქვთ.
მიუღებელ პრეცედენტად აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გამორიცხავს საარჩევნო პროცესიდან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეკა აკობია. მისი აზრით, ხელისუფლებას თითოეული ხმის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებები დროულად უნდა გაეტარებინა.
რატომ ვერ უზრუნველყო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩვენების პროცესში ჩართვა? კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერაც. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა საკითხები უწყების პირდაპირი კომპეტენციაა, აქაც ცესკოში გადაგვამისამართეს.