30 წელი მეცხოველეობაში – აგრო ბიზნესი სამცხე-ჯავახეთში

September 21, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

®

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად ვითარდება. ბიზნესის კეთებით დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა. მეორეს მხრივ დარგის მცოდნეები ფიქრობენ, რომ ქართული ბაზარი, არასწორად გადანაწილებული მიწები და სხვა ფაქტორები ხელს უშლის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირს, საკუთარი წარმოება ბიზნესად აქციოს. 

თემური სირაძე წალკაში ცხოვრობს, სამი წელია შინაური მსხვილფეხა ცხოველების ფერმა აქვს. აწარმოებს როგორც საქონლის ხორცს, ასევე რძის პროდუქტებს. გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ამზადებენ ყველს, კარაქს, მაწონს და სხვა პროდუქტს, თუმცა მთავარი მიმართულება მაინც საქონლის ხორცია. მას ახლა 133 მსხვილფეხა საქონელი ყავს, რომელთაგან 33 მეწველი ძროხაა.

რძის და მისგან დამზადებული პროდუქტების რეალიზაცია არ უჭირს, თუმცა ხორცის გაყიდვა შედარებით პრობლემატურია. მიზეზი, ფერმერის ვარაუდით გადამყიდველების ნაკლებობა და კოვიდპანდემიაა, რომლის გამოც სარესტორნე სექტორი დაიხურა ან შეიზღუდა. გვეუბნება, რომ ჰქონია შემთხვევები, როდესაც აუცილებელი ფინანსური ხარჯების გამო  საქონელი ნახევარ ფასში გაუყიდია.

“წლებია ამ სფეროში ვართ ჩართული ,მთელი ოჯახით. ახლაც ცხოველების საკვებისთვის ვართ მთაში ამოსულები. ძირითადად ხორცს ვაწარმოებ. მყავს ბუღები, რასაც მერე ვყიდი ხოლმე. რაც პანდემია დაიწყო რეალიზაციის პრობლემები მაქვს. რესტორნები დაიხურა, ვაჭრებიც არ შემოდიან… რამდენიმე თვის წინ მაგალითად, გადაუდებელი ხარჯების გამო ნახევარ ფასში გავყიდე საქონელი. როცა შემეძლო ფინანსური ვალდებულება  12 სული მოზვერით გადამეხადა ახლა 20 სულის გაყიდვა დამჭირდა,” – გვეუბნება ფერმერი.

გელა ჩაჩანიძეც მეცხოველეობას მისდევს. იგი ადიგენის სოფელ ჩორჩანში ცხოვრობს. უკვე 30 წელია ამ საქმითაა დაკავებული. როცა დავუკავშირდით თრიალას ტბის მიმდებარედ, ოჯახთან ერთად სოკოს საკრეფად იყო წასული, თუმცა ჩვენთვის რამდენიმე წუთი მაინც გამონახა. გვეუბნება, რომ როცა მეურნეობაში ჩაერთო მხოლოდ 2 ხბო ჰყავდა, ახლა კი უკვე 15 სულს უვლის. 4 – ახლახანს გაყიდა. ამბობს, რომ საქონელის გაყიდვა უჭირს, რადგან მათი სოფლიდან ქალაქში (ახალციხეში) ტრანსპორტირება რთულია. იხსენებს შემთხვევებს, როცა საქონელი ბაზარში წაუყვანია თუმცა ვერ გაუყიდია.

“თუ მარნეულიდან მყიდველები  არ შემოვიდნენ, ვერ ვყიდით. პანდემიის დროს, როცა ჩაკეტილი იყო ყველაფერი, ვერ შემოდიოდნენ და გვიჭირდა, ფასიც დაბალია. ამასთან, ტრანსპორტირების ხარჯები, ქვითარი და მრავალი ფაქტორია, რის გამოც საქონელის იაფად გაყიდვა არ გვიღირს. საკვებიც არ გვყოფნის, ამიტომ გვიწევს ვიყიდოთ, ერთი პრესი 11-12 ლარია. მე არა, მაგრამ ბევრს გაუყიდია მეწველი ძროხა იმის გამო, რომ საკვები არ ქონიათ.”

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული და აქტიური ბიზნესი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში 180 ათასზე მეტია. უცნობია, ოფიციალურად რამდენი აგრობიზნესია რეგისტირებული სამცხე-ჯავახეთში. ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ჯავახეთში მოსახლეობა ძირითადად კარტოფილის მოყვანით და მეცხოველეობით არის დაინტერესებული, შესაბამისად უმეტესი მეურნეობა, იქნება ეს ბიზნესი თუ მცირე საოჯახო წარმოება ამ სფეროების ირგვლივ ტრიალებს.

“საქართველოში და განსაკუთრებით ჯავახეთში მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად აგრო ბიზნესი უფრო განვითარებულია. ჯავახეთში ბევრი მეურნეობა აგრობიზნესად ვერ ჩამოყალიბდა, და ისევ ტრადიციულ ოჯახურ მეურნეობად დარჩა. წინაპრები სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ თავს და ამ ტრადიციას მიჰყვებიან ახალგაზრდებიც. საჭიროა წლები გავიდეს, რომ წარმოება წარმატებულ ბიზნესად იქცეს. ხელის შემშლელი ფაქტორია მიწებიც, რადგან 90-იანებში არასწორად გადანაწილდა და ფერმერს არ აქვს შესაბამისი ზომის ნაკვეთი, რომ  კოოპერატივად ჩამოყალიბდეს. 99% კოოპეარატივების არის შექმნილი იმის გამო, რომ გრანტი მიიღონ და შემდეგ აჩერებენ მუშაობას, ამის მიზეზი კი სწორედ მიწების ნაკლებობაა,” – გვეუბნება მაცუკატოვი.

მაცუკატოვის თქმით, მეურნეობაში ჩართულ პირების ნაწილს არ სურს აგრო ბიზნესად რეგისტრირება, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულები იქნებიან იმუშაონ მაღალი სტანდარტებით, გააკეთონ ეტიკეტირება, დარეგისტრირდნენ საგადასახადო სისტემებში, რაც სავალდებულო არაა სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის.

​აგრობიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართულ თუ დამწყებ მეწარმეებისთვის ხელშეწყობის , საქმინობის გაძლიერების და მასშტაბის გაზრდის მიზნით კი  “საქართველოს ბანკი” აგროსესხს მოქნილი საშეღავათო პერიოდით და დაფარვის გრაფიკით სთავაზობს. 

„აგრობიზნესის გასავითარებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჭირო რესურსებზე წვდომაა, იქნება ეს მანქანა-დანადგარები, საწარმოო ხაზები და მოწყობილობები თუ სხვა. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით აგროსექტორის სამომავლო განვითარებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტი ერთ-ერთია იმ მრავალი პროდუქტიდან, რომელსაც ბანკი მომხმარებელს მათი საჭიროებების გათვალისწინებით, საქმიანობის გასავითარებლად სთავაზობს. დაფარვის მოქნილი გრაფიკი და ინდივიდუალური საშეღავათო პერიოდი, რომელიც აგროციკლზეა მორგებული, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეურნეობის გაფართოებასა და წარმოების ზრდაში. ჩვენი მიზანია ამ და სხვა პროდუქტებით მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ საჭირო რესურსებზე წვდომა,» — აცხადებს მერაბ ახვლედიანი, საქართველს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.