300 ათასზე მეტი ორი კორპუსის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი ახალციხეში

January 20, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ორი საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციისთვის, სადარბაზოების მოწყობისა და კოდირებული კარების მონტაჟისთვის 300 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, N15 და N25 კორპუსები ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას იღებს,  საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირაში განახორციელოს. 

ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ კორპუსების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს, მიზანი კი ქალაქის იერსახის და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. მათივე ცნობით, 2014 წლიდან დღემდე მოწესრიგდა 41 კორპუსის ფასადი და 88 სახურავი.

რამდენად შეესაბამება მერიის ხედვა საკუთრივ ამ კორპუსებში მცხოვრებთა საჭიროებებს, ჩვენ ამის გარკვევა საკუთრივ ბინადრებთან ვცადეთ, თუმცა მათ კამერის წინ საუბარი არ ისურვეს.

განცხადებების მიღება 03-08 თებერვლამდე იწარმოებს.