ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯებირების დაზიანების მოტივით დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, მესამე თვეა საპატიმროში რჩებიან.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნათია ქურდაძემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და ახალგაზრდებს პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადვოკატის, თათია კონიაშვილის თქმით, შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების არგუმენტად, მოსამართლემ მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა, რაც მისივე თქმით, “არის აბსურდი, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოწმის სახით საქმეში ფიგურირებენ შსს-ს წარმომადგენლები, შესაბამისად დაკავებულებს თეორიული შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ მოწმეებზე გარკვეული ტიპის ზეწოლა განახორციელონ.”
23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი, ჯგუფურად ნივთის დაზიანების მუხლით აქვთ წარდგენილი. მომდევნო სასამართლო სხდომა 24 ივლისს გაიმართება.
“ქართული ოცნების” რუსული კანონის მიღებას საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში რუსული კანონის საწინააღმდეგო უწყვეტი აქციები მიმდინარეობდა.
სწორედ ამ აქციაზე დააკავეს საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი.