“მიშომ იცის” – ადიგენის საკრებულოს არგუმენტი სასამართლოში

October 2, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

მიხეილ ბუსხრიკიძის პროცესი – მონაწილეობენ:

მიხეილ ბუსხრიკიძე – მოსარჩელე (ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი)
ჯუნა სტეფნაძე – მოსარჩელის ადვოკატი
თეიმურაზ მიქელაძე – ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (სხდომაზე როგორც მოპასუხე მხარე) 
ანაიტ ოგანესიანი – მოსამართლე

(ფოტოები გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით, რადგან “ქართულმა ოცნებამ” სხდომების გადაღება აკრძალა)

მოსამართლის შემოსვლისას დარბაზში მყოფი ადამიანები ფეხზე წამოდგნენ, მანამდე დარბაზში სიჩუმე იყო. 

მოსამართლის მარჯვნივ მოპასუხე მხარე ზის, მარცხნივ – მოსარჩლე. 

მოსამართლემ სხდომა გახსნა, სიტყვა მოსარჩელის წარმომადგენელს ჯუნა სტეფნაძეს გადასცეს, რომელმაც საქმის ვითარება გაგვაცნო. მან ისაუბრა, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, აწ უკვე ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი, მიხეილ ბუსხრიკიძე, ზუსტად მეორე დღეს, რაც მან სოციალურ ქსელში პროევროპული პოსტი გამოაქვეყნა. 

ადვოკატის თქმით, ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 106-ე, 107-ე და 108-ე მუხლის “გ” – ქვეპუნქტები. რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს.

სიტყვა ეძლევა მოპასუხე მხარეს, ანუ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თეიმურაზ მიქელაძეს, თუმცა იგი ამბობს, რომ ყველაფერი შესაგებელში წერია. მოსამართლე თხოვს მის წაკითვხას თუმცა მოპასუხე მხარე არ კითხულობს. 

მოსამართლე: – კანონიერად არის გათავისუფლებული? (გულისხმობს მიხეილ ბუსხრიკიძეს)
მოპასუხე მხარე: – ალბათ კი – და მცირე პაუზის შემდეგ ამატებს: “ეს არის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება.”

მოსამართლე ანაიტ ოგანესიანმა სხდომის მიმდინარეობისას არაერთხელ მიუთითა და მოპასუხე მხარეს სთხოვა განემარტა თავისი პოზიცია და კითხვებზე ეპასუხა, თუმცა მხარემ არაფერი თქვა. 

“მხარემ თქვა, რომ რაც შესაგებელშია, ეს არის პოზიცია,” – ამბობს მოსამართლე.

სიტყვა კვლავ ადვოკატ, ჯუნა სტეფნაძეს გადაეცა, რომელმაც მოპასუხის მისამართით რამდენიმე კითხვა დასვა: 

ჯუნა: – თუკი, მოსარჩელე მიხეილ ბუსხრიკიძე ავლენდა კომპეტენციის ნაკლებობას, კომპეტენციის გადაცილების მაგალითებს, უფლებამოსილებების გადაცილების მაგალითებს, რატომ შემოიფარგლებოდა მისი გაფრთხილება მხოლოდ ზეპირი ფორმით და რატომ არ ხდებოდა წერილობით ამის დადასტურება ?
მოპასუხე: – ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ვერ მოდიოდა. მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა, მასე ვერ ვიტყვით. სიტყვიერი შენიშვნები შეიძლება ჰქონდა და ოფიციალური არ ვიცი.
საუბარში ერთვება მოსამართლე: – წერილობით შენიშვნებზე არ გიფიქრიათ?
მოპასუხე: უშუალოდ მაგ პროცედურას არ შევსწრებივარ, რომ წერილობით შენიშვნები მიეცათ.
მოსამართლე: – რა სჭირდა? (გულისხმობს გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს)
მოპასუხე: – მე როგორც გავიგე, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
მოსამართლე: – გაქვთ დასკვნა ან რამე?
მოპასუხე: – მე იმას არ ვამბობ, რომ თავისზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ვერ დადიოდა სამსახურში. 

სიტყვით გამოდის კვლავ ადვოკატი:

ჯუნა სტეფნაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა, 2022 წელს დაწერა მოხსენებითი ბარათი, რომ გოჩა ქიმაძე (ადიგენის მერი) ერეოდა მის საქმიანობაში, რაზეც მოსარჩელის მხრიდან იყო კითხვა, თუკი ეს იყო ტყუილი, რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება ? 

მოპასუხე მხარე: – წერილობით არა, სიტყვიერად იყო, რომ ჩვენს კომპეტენციაში მერი არ უნდა ჩაერიოს.
– ანუ ეთანხმებით?

საუბარში ჩაერია მოსამართლე და მოპასუხეს შეახსენა: – თქვენ საკრებულოს ინტერესებს იცავთ.
– …
– თქვენ მომზადებული უნდა წამოსულიყავით.

და კვლავ მოპასუხეს მიმართავს:  – რატომ გამოიყენეთ ეს მუხლები? (გულისხმობს იმ მუხლებს, რომლის საფუძველზეც, ბუსხრიკიძე გაათავისუფლეს) მზად ხართ ამ კითხვებს პასუხი გასცეთ?
მოპასუხე: – ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რომ ვერ ცხადდებოდა მაგაზე იყო.
მოსამართლე: – ვინ არის კომპეტენტური, რომ ამ კითხვებზე მიპასუხოს?
მოპასუხე: – საკრებულოს თავმჯდოამრე, ალბათ.
მოსამართლე: – თავმჯდომარე უნდა დავიბაროთ?
მოპასუხე მცირე პასუხის შემდეგ: – იურისტი არ ვარ, მაგრამ შესაგებელში რაც წერია ეგ არის ჩვენი მოთხოვნა.

მოსამართლე, ანაიტ ოგანეზიანის განცხადებით, “კითხვები დარჩა ღია, რადგან მოპასუხე კითხვებზე არ პასუხობს და ამბობს: “ მიშომ იცის.”

შენიშვნა: საკრებულოს თავმჯდოამრის მოადგილემ, სხდომაზე კითხვებზე კონკრეტული პასუხის ნაცვლად “მიშომ იცის” არაერთხელ გამოიყენა.

რა იცის მიშომ? – მოსამართლემ სიტყვა მიხეილ ბუსხრიკიძეს გადასცა, რომელმაც ადიგენის მერიის მხირდან საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლაზე ისაუბრა და მიუთითა, რომ სწორედ ამის გამო იყო აღელვებული, რაზეც მოპასუხე აკეთებდა აქცენტს. 

მოსამართლე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოპასუხე მხარე, საკრებულოს წარმოამდგენელი, სხდომაზე მოუმზადებელი მოვიდა, შესაბამისად კითხვებზე პასუხები კვლავ გასაცემია.

– პასუხს ვერ ვიგებ რა მუხლით იხელმძღვანელეთ (გათავისუფლებისას), მხარე ამბობს რომ შესაგებელი წაიკითხეთო.

“მე მჭირდება კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ჩემს და მხარის შეკითხვებს პასუხს გასცემს.
– თქვენ პასუხები არ გაქვთ”
( მიმართავს ადიგენის საკრებულოს მხრიდან წარმოდგენილ მოპასუხე პირს)

ადვოკატი: – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ სხდომაზე კომპეტენტური ადამიანი არ მოვა და ეს არის თავის არიდება.

მოსამართლე: – “კითხვებზე პასუხი უცნობია, სასამართლოს აქვს შეკითხვები მუნიციპალიტეტის მიმართ, რატომაა ეს მუხლები გამოყენებული. თუ კომპეტენტური ადამიანი არ მოვა სასამართლო დაგაჯარიმებთ, რადგან სხდომაზე ხართ პასუხი უნდა გასცეთ კითხვებს,” – განაცხადა ანაიტ ოგანესიანმა და მომდევნო პროცესი ნოემბრში ჩანიშნა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მოპასუხე მხარემ სასამართლო ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ვცდილობთ დავუკავშირდეთ ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, შმაგი ბიძიშვილს. მათთან დაკავშირების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რა მხოდა?

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირთან ყველანაირ მოლაპარაკებებს წყვეტდა. ამ განცხადებას მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის განცხადებას გაემიჯნა საჯარო მოხელეების ნაწილიც. ერთ-ერთი იყო, მიხეილ ბუსხრიკიძეც, რომელმაც პროევროპული შინაარის პოსტი გათავისუფლების ბრძანებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუსხრიკიძე მიუთითებს, რომ სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. 

ასევე ნახეთ: “დღეს სხდომა არ ტარდება, “ – სასამართლო პროცესების გაჭიანურებული ბუნება  საქართველოში