ახალციხის II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია(და არა უშუალოდ სკოლა), ჯამში 17 500-მდე კვ.მ, 1 ლარად 20 ან 40 წლით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა პირს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშია მითითებული.
“ქართულმა ოცნებამ” სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” დებულება მიმდინარე წლის სამ ივნისს მიიღო, რომელშიც ახალციხის N2-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ტერიტორიებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით სხვა ტერიტორიებიცაა მითითებული. (იხილეთ ბმული)


დადგენილების მიხედვით, პირები, რომლებიც საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას მიიღებენ, 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლარს გადაიხდის, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.
რატომ არის ეს საკითხი საინტერესო? – ის, რომ მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემა იგეგმებოდა, სახელმწიფო აუქციონის გვერდზე ინფორმაცია 2025 წლის 18 ივლისს აიტვირთა. თუმცა, საჯარო სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით შეკრებილ მშობლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
რა ხდება: მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ, რეაბილიტაციის მიზნით, დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას: არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ.
სკოლის რეაბილიტაციის ან/და არსებულში დაბრუნების მოთოვნით მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აქციას მართავენ.
ამავე თემაზე: