მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის – მერია მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და იგი მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მეტრო არ გაჩერდება, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან“ – გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებამდე ერთი დღით ადრე თქვა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით 25-მდე მემანქანე იყო დაინფიცირებული. მეორე მხრივ, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თქმით, მეტროს 80-მდე თანამშრომელია ინფიცირებული და მეტროპოლიტენში სანიტარული ნორმები არ არის დაცული.
„მატარებლის მემანქანეს სამუშაო ადგილზე მოსდის მესიჯი ინფიცირების დადასტურების შესახებ, მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ კი შემცვლელ თანამშრომელს იმავე კაბინაში სვამენ, მდგომარეობა უკონტროლოა“ – გვეუბნებოდა „ერთობა 2013“-ის დამფუძნებელი.
28 ნოემბრიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.
3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭო ერთი კვირაა აქტიურად მუშაობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია თბილისის მერი კახა კალაძეც.