ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ახალციხის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა რამდენიმე სოფლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა დაიწყო
ამ სიუჟეტიდან გაიგებთ:
- რომელ სოფლებში დაიწყო ავტობუსებმა მოძრაობა
- რატომ გაჭიანურდა პროცესი
- რა ეღირება მგზავრობა
- განიხილავენ თუ არა ადიგენი-ახალციხის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნას
დღეს ახალციხის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა რამდენიმე სოფლის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა დაიწყო. ავტობუსები თებერვლის თვეში ჩამოიყვანეს, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებში გასასვლელად “სამზადისს” თითქმის 6 თვე დასჭირდა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსები სოფლების აწყურის, მინაძეს და კლდის, ქალაქ ვალეში და მეორე შახტის დასახლებაში იმოძრავებენ. მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მომდევნო კვირიდან ტრანსპორტი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მიმართულებით ეტაპობრივად დაიწყებს მოძრაობას.
ახალციხის მერიამ 18 ახალი ავტობუსი 16 თებერვალს ჩამოიყვანა. სამი თვის შემდეგ, 29 მარტს, 4-მა მათგანმა მოძრაობა ქალაქ ახალციხეში დაიწყო. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ სპეციალურად მოწყობილი გაჩერებების , ტაბლოების და სტაბილური განრიგის არ ქონის გამო გადაადგილება რთულია. კითხვა მერსაც დავუსვით, როგორც ის ამბობს 1 კვირაში დაიწყება ტაბლოების დამონტაჟება.
გარდა ახალციხეში და მიმდებარე სოფლებში გადაადგილებისა, მგზავრები მიუთითებენ ახალციხე-ადიგენის მიმართულებით ტრანსპორტის პრობლემაზე, გაუმართავ ტრანსპორტსა და არასტაბილურ განრიგზე.
ჩვენ მხარის რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს ვკითხეთ განიხილებოდა თუ არა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა, რათა მემორანდუმის ფარგლებში საერთო ტრანსპორტი შეეძინათ, რომელიც ახალციხე-ადიგენის მიმართულებით სტაბილურად იმოძრავებდა.
ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ განიხილება.
გარდა ამისა, დღეიდან ავტობუსით მგზავრობა ფასიანი გახდა, აქამდე ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი უფასო იყო. ტარიფები შემდეგია:
ქალაქში მოძრაობის ღირებულება 0,50 თეთრია, იგივე თანხის გადახდა მოუწევთ მინაძეში და მეორე შახტში მცხოვრებლებს, ხოლო სოფლების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. გადახდა შესაძლებელია TBC ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით, რომლის აღებაც ასევე ზემოხსენებულ ბანკშია შესაძლებელი.
50 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
ახალციხის მერიის ცნობით, უფასოდ იმგზავრებენ: მოსწავლეები, ახალციხის მერიის სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები
ახალციხის მერიას 18 ავტობუსი 6 მილიონზე მეტი დაუჯდა. ამ ეტაპზე ავტობუსები ახალციხის ცენტრალური სადგურიდან გადის, მერის თქმით, ავტოსადგურზე სამი ბაქანი დაახლოებით 1000 ლარად დაიქირავეს.