ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
130 კვ.მ ბინა პარიზში, 4 ბინა თბილისში, 2 ბინა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 6 მიწის ნაკვეთი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 2 ავტოსადგომი თბილისში, 1 მანსარდა თბილისში და 1 სარდაფი – ეს “ქართული ოცნების” დეპუტატის სამცხეში, ანტონ ობოლაშვილის და მისი მეუღლის, ლია ობოლაშვილის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონებაა. – ინფორმაციას “ჟურნალისტური დეტექტორი” ავრცელებს, რომელმაც ინფორმაცია დეკლარაციების მიხედვით შეაჯამა. მოყვანილი უძრავი ქონებების ფლობას გვიდასტურებს თავად ობოლაშვილიც.
ობოლაშვილი ბიზნესმენია და მის სახელს უკავშირდება ფარმაცევტული პროდუქტებით საქმიანობა. დეპუტატი 9 კომპანიას ფლობს, რომელთაგან სამ კომპანიაში 100 %-იან წილს ფლობს და ოთხ კომპანიაში დირექტორის პოზიცია უკავია. (ინფორმაცია შეიცავს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შევსებულ დეკლარაციას.)
აღნიშნულზე ჩვენ დეპუტატს დავუკავშირდით, იგი გვეუბნება, რომ ყველა კომპანიიდან “ჩახსნილია”, დირექტორი აღარ იქნება და აღნიშნული ახალ დეკლარაციაში აისახება.
5 კომპანიის მფლობელია დეპუტატის მეუღლე ლია ობოლაშვილიც. დეკლარაციის მიხედვით, 1 კომპანიაში 100 %-იანი წილის და 2 კომპანიაში 50 %-იანი წილის მფლობელია.
შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონებისა, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 3 მილიონ ლარამდე თანხას ფლობს (1 967 177 აშშ დოლარი, 56 000 ევრო).
“არ ვიცი ზუსტად რამდენი მილიონი მაქვს, დეკლარაციაში ასახულია ყველაფერი, ასე ზეპირად არ მახსოვს,” – გვეუბნება ობოლაშვილი.
ანტონ ობოლაშვილის სახელზე არ არის რეგისტრირებული მოძრავი ქონება, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ობოლაშვილი ამბობს, “კომპანიის (გლობალფარმის) მანქანით გადაადგილდება და დროა იფიქროს ახალი ავტომობილის ყიდვაზე.”
რაც შეეხება პარტიულ შეწირულობას, ობოლაშვილმა “ქართულ ოცნებას”10 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა. მანამდე კი მისი ოჯახის წევრებისგან პარტიამ 76 000 ლარი მიიღო.
ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, რომ იგი უკვე 20 წელზე მეტია ბიზნესშია ჩართული და შესაბამისად, დაუგროვდა ქონებაც.