ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში საბავშვო, გასართობი ატრაქციონების მოწყობისთვის მერია 70 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ევალება საბავშვო სასრიალოს, საქანელების, ფანჩატურის, სკამების, ნაგვის ურნების და სხვა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხას სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ.
რაც შეეხება ტენდერს, სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს “დანი ქონსთრაქშენ”-მა, რომელმაც სამუშაოებისთვის მერიას გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის 10 ათასით ნაკლები შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოები დაახლოებით 2 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.