ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
700 ტონა კარტოფილი ახალქალაქის მერიის წინ – შესაძლოა ეს რეალობა მალე დადგეს, რადგან ადგილობრივი ფერმერები იმპორტირებულ კარტოფილს კონკურენციას ვერ უწევენ, მოსავლის რეალიზაცია უჭირთ და პროტესტის ნიშნად ამ ფორმის გამოყენებას გეგმავენ. მათ დახმარებისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას მიმართეს. კარტოფილის რეალიზაციის პრობლემების შესახებ გამოცემა East-Fruit წერს.
ამავე წყაროს ცნობით, იმპორტირებული კარტოფილის კონკურენციის ფონზე გაზრდილია ადგილობრივად დამუშავებული მიწების და მოსავლის რაოდენობაც. პანდემიის გამო მოსახლეობა საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა და მიწები დაამუშავა. თუკი ჯავახეთში წინა წლებში, საშუალოდ, 200 ჰექტარ მიწას ამუშავებდნენ, 2020 წელს კარტოფილი 350 ჰექტარ მიწაზე დაითესა. ამას ირიბად ადასტურებს მონაცემები თესლის კარტოფილის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ.
“საქსტატის” ინფორმაციით, 2020 წელს კარტოფილის თესლის იმპორტის მაჩვენებელმა 105,8-დან 168,6-მდე მოიმატა.
კარტოფილის რეალიზაციაში პრობლემის შესახებ იციან ახალქალაქის მერიაშიც. მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინფორმირებულია ქვეყნის მთავრობაც, რადგან მისივე თქმით, საკითხზე შესაბამისი მიმოწერაც ჰქონდათ და პასუხად მიიღეს: “დავეხმარებით ფერმერებს კარტოფილის რეალიზაციაში.”
“ეს პრობლემა მარტო ალასტანში კი არა მთელ ჯავახეთშია. ჩვენ რა შუაში ვართ, ბიზნესია… მივწერეთ მთავრობას წერილი და მოგვივიდა, რომ დაეხმარებიან ფერმერებს რეალიზაციაში. კი ამბობენ მერიის წინ დავყრით კარტოფილსო, მაგრამ მართლა ხომ არ დაყრიან,” – გვეუბნება მერი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ ახალქალაქის მერიიდან წერილის მიღებას და ამბობენ, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში 20-მდე კომპანიას მიაწოდეს ინფორმაცია. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასევე გვეუბნებიან, რომ “შემდგომ სავაჭრო ურთიერთობებში ვეღარ ჩაერევიან, რადგან ეს არის წმინდა ბიზნესი.”
“ჩვენთან შემოვიდა წერილი. 20-მდე კომპანიას მივაწოდეთ ინფორმაცია, შემდგომი სავაჭრო ურთიერთობებში ჩვენ ვერ ჩავერევით, რადგან ეს ბიზნესია და ვერავის მოვუწოდებთ კარტოფილი ძვირად ან იაფად გაყიდოს. ხშირი შემთხვევაა, როცა ფასის გაზრდის მოლოდინში პროდუქტს არ ყიდიან და შემდეგ კი – უჭირთ,” – გვეუბნებიან სამინისტროში.
სასოფლო სამეურნეო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი, გურამ ჯინჭველაძეს შეფასებით იმისათვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს პროდუქტის რეალიზაცია საჭიროა ქვეყნის გახსნა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
მაშინ, როდესაც ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უწევს რა გამოსავალს ხედავენ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში”? ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ის, რომ წელს საქართველოში კარტოფილის მოსავლის მაღალი მაჩვენებელი და დაბალი ფასებია “საქსტატიც” წერს. კარტოფილის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2021 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელით 8% -ით დაბალია, ვიდრე 2015–2020 წლების იგივე პერიოდის საშუალო მაჩვენებელი. 2021 წლის მარტში ფასის მაჩვენებელი 33% -ით დაბალია, ვიდრე 2020 წლის მარტში.
ფასების მომატებაზე ასევე საუბარია East-Fruit-ის საბითუმო ფასების მონიტორინგშიც. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილის ფასები დოლარში შემცირდა საშუალოდ 49% –ით, ხოლო ლარში 37% –ით.
სოფელ ალასტანში 175 ოჯახიდან 160-ს 20 ტონაზე მეტი კარტოფილი აქვს მოყვანილი. ფერმერები მინიმალური ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვენ, რაც მათ სასუქისა და საწვავის ყიდვისთვის სჭირდებათ.
თავდაპირველად თემაზე მასალა Sknews-მა მოამზადა.