ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია “ბორჯომობა 2023”-ს აღნიშვნისთვის 80 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – აღნიშნულ თანხაზე მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება, ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს, შპს “ჯითი ჰოლდინგს” უკვე გაუფორმა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ვალდებულია მოაწყოს სცენა (კონცერტისთვის) და ტერიტორია განათებებით და დროშებით გააფორმოს; ფოტოს გადაღებისთვის მოაწყოს სარკის და საჰაერო ბუშტის ფორმის ჩარჩოები.
ასევე, გათვალისწინებულია გამოფენა-გაყიდვის სივრცეების მოწყობა და 10 კოსტუმრიებული ანიმატორის დაქირავება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, “ბორჯომობაზე” იგეგმება საპატიო ბორჯომელების გამოვლენაც, რომლებსაც 1000-1000 ლარი გადაეცემათ.
ღონისძიება ბორჯომის ცენტრალურ პარკში, 9 სექტემბერს გაიმართება.