ახალციხეში, 9 მაისის მემორიალთან, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვეტერანების ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, თუმცა წინა წლების მსგავსად, გმირთა მემორიალი არ შეუმკია ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს, რადგან იგი ღონისძიებაზე საერთოდ არ მივიდა.
რატომ არ იყო ლაზარაშვილი ღონისძიებაზე? – ჩვენთვის უცნობია.
ღონისძიებას არ ესწრებოდა არც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი. დამსწრე პირებს შორის იყო ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეებით თუმცა მათ მედიასთან 9 მაისთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტაბატაძემ განაცხადა, ის ფაქტი, რომ მედიამ საკრებულოს დეპუტატებს “რუსული კანონის” მხარდამჭერები უწყოდა – ეწყინა, რის გამოც კომენტარი არ გააკეთა.
“რუსული კანონის მხარდამჭერები, ევროპულ გრანტს უჭერენო მხარსო ,ასეთი სათაურით ვნახე, საწყენია, რატომ ვართ რუსული კანონის მხარდამჭერები?” – ამბობს ტაბატაძე.
დავით ტაბატაძეს ჩაწერისას, ადგილზე არსებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, ტელეფონით ჩვენ და მიმდებარე ტერიტორიას იღებდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წელი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ოფიციალური ცნობებით, 300 000-მდე საქართველოში მცხოვრები ჯარისკაცი დაიღუპა.