B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა – დაპირებული მედიკამენტი, რომელიც ჯერ არ ჩანს

November 17, 2024

2024 წლის ივლისის თვეში სახელმწიფომ B ჰეპატიტის მართვის პროგრამა დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტრომ 17 ივლისს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამა, უკვე აფინანსებს B ჰეპატიტთან დაკავშირებულ კვლევებს და სექტემბრიდან პაციენტები უსასყიდლოდ მიიღებდნენ მედიკამენტს.

ქრონიკული B ჰეპატიტი მძიმე დაავადებაა, რომელსაც ღვიძლის ციროზის, კიბოს გამოწვევაც შეუძლია და მკურნალობის გარეშე შესაძლოა დაავადებული ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.

ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებს, მედიკამენტის მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღიურად სჭირდებათ, მედიკამენტი, რომლის 1 თვის დოზის ფასი 150 – დან 250 ლარამდე მერყეობს, დაავადებას ვერ კურნავს, თუმცა, ვირუსის გამრავლებას ამცირებს და პაციენტის ორგანიზმს ვირუსისგან გამოწვეული მომეტებული ზიანისგან იცავს. სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში ხშირად დეფიციტურია და პაციენტებს მისი შეძენა თურქეთში, ან სხვა ქვეყანაში უხდებათ.

მიუხედავად, ოფიციალურად გაცემული დაპირებისა, სახელმწიფომ პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა TOK TV -ის შეკითხვებს მედიკამენტის მიწოდებასთან და B ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით არ უპასუხა.

B ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა და გადადის სისხლით, სქესობრივი გზით და დედიდან ბავშვზე. B ჰეპატიტი ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს და გვიან იჩენს თავს. სპეციალისტების თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია B ჰეპატიტს.

როგორ, რა გზით გადადის,როგორია მკურნალობის მეთოდები და რა მნიშვნელობა აქვს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას.

ვაქცინაციას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიოში დიდი ხანია აქტიურად იყენებენ, საქართველოში 2003 წლიდან.

ლევანი (სახელი შეცვლილია) ახლა 20 წლისაა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველად ერთი თვის წინ ჩაიტარა. არადა ის სამშობიაროში, გეგმურად, ჩვილობისას უნდა აეცრათ, თუმცა დედის მოთხოვნით არ აცრეს, რადგან დედამ დაავადების შესახებ არაფერი იცოდა. ლევანი ფიქრობს რომ პირველ რიგში მოსახლეობის ინფორმირება უნდა ხდებოდეს რათა, რისკები მაქსიმალურად შემცირდეს.

ნინო 60 წლისაა, მას B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა აქვს, ამბობს რომ მისი დაინფიცირება სავარაუდოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში მოხდა. დაავადების შესახებ დიდი ხნის მანძილზე არაფერი იცოდა, რადგან უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობდა. ექიმს მას შემდეგ მიაკითხა, როცა დაავადებამ სიყვითლე გამოიწვია. სისტემატური კვლევები და მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას ამცირებს დიდ თანხებს საჭიროებს, რაც ხშირად არ ჰქონდა. მედიკამენტი, რომელიც მისთვის აუცილებელია ხშირად ახლობელს დაბალი ფასის გამო თურქეთიდან ჩამოაქვს. ნინო დღემდე ელოდება სახელმწიფოსგან დაპირებულ მედიკამენტს, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა მიეცათ.

ვის შეუძლია სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?

სახელმწიფო სერვისების მიღება მოსახლეობას B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 15 – მდე სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში შეუძლია.

პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტირებას გაივლიან. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ ანტივირუსული მედიკამენტი.

,,პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით. B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. “ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროგრამის დაწყებიდან 3 თვის შემდეგაც პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას.

TOK TV -თან ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ დაავადების შესახებაც ექნებათ დეტალური ინფორმაცია.

TOK TV -ს რედაქცია დაუკავშირდა წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს მანანა მირაშვილს. ვკითხეთ როგორ მიმდინარეობს B ჰეპატიტის პროგრამის საინფორმაციო კამპანია წალკაში და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ.

მანანა მირაშვილი: ,,-B ჰეპატიტზე გეტყვით რომ ეს უშუალოდ უნდა ხდებოდეს [კვლევები] კლინიკის პირობებში, სამოქმედო უბანზე B ჰეპატიტზე ეს ასე მიწოდებული არ გვაქვს. რაც შეეხება ახლა B ჰეპატიტს ჯერ-ჯერობით სოფლის ექიმებისთვის არ დაგვივალებია, წალკის კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ცოტა შეფერხებულია ფუნქციონირება. c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვახორციელებდით გასულ წლებში, სოფლის სამოქმედო უბანზე და ტარდებოდა საკმაოდ წარმატებით.”

B ჰეპატიტის ვაქცინაციის მნიშვნელობა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2003 წლიდან დაიწყო.

ვაქცინის პირველი დოზა ახალშობილს სამშობიაროში უკეთდება, დანარჩენი ორი დოზა კი, იმუნიზაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ტარდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და B ჰეპატიტის შემთხვევები აცრილ მოსახლეობაში მინიმალურია. პრობლემა მოსახლეობის აუცრელი ნაწილია.

TOK TV ესაუბრა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს, რომლის კლინიკაც სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. სპეციალისტი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება, რადგან საქართველოში B ჰეპატიტი გავრცელებული ინფექციაა.

ქრონიკული B ჰეპატიტი სრულად არ იკურნება, ის, მართვადია და ხშირად მედიკამენტით მკურნალობას საჭიროებს.

წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მანანა მირაშვილი TOK TV -თან ამბობს, რომ B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის აქტიური მოწოდება მოსახლეობაში ჯერ არ დაუწყიათ. წალკაში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2022 წლის მონაცემებით დაახლოებით 21 ათასს შეადგენს.

მანანა მირაშვილი: ჩვენ ცნობიერების ამაღლების მიზნით ყველაფერზე ვატარებთ საგანმანათლებლო კამპანიას, მაგრამ ჯერ-ჯერობით B ჰეპატიტს რაც შეეხება, უშუალოდ ორსულებში ხორციელდება, მაგრამ ასე მასიურად მოსახლეობაში ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1000 მეტი მოქალაქე გამოიკვლიეს, ვირუსი 600 – ზე მეტს დაუდასტურდა.