Ha-Ha-ს საქმე, მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან – ახალციხე

December 8, 2025

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლუზია თოდუა, სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური ააიპის ყოფილი თანამშრომლის, ნინო ხაზალაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 2026 წლის 6 იანვარს გამოაცხადებს.  

ხაზალაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტზე Ha-Ha რეაქცია გამოხატა. 

ნუცა ბუზალაძის პოსტის დაHA-HAვებიდან სასამართლომდე — ნინო ხაზალაშვილის საქმე

Part 2: კითხვები და პასუხები HA-HA-ს საქმის სასამართლო სხდომიდან – ახალციხე 

ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – DMO” ხელმძღვანელი, დავით მუმლაძე ირწმუნება, რომ აბსურდია და ხაზალაშვილი ორგანიზაციის მცირე ბიუჯეტის გამო გაათავისუფლეს. 

დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის ბოლო სხდომა ჩატარდა, სადაც მხარეებმა საპაექრო სიტყვა თქვეს.

მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და შეტანის ვადები დარღვეულია, შესაბამისად, წარმომადგენლის, ევა იველაშვილის თქმით, საქმის წარმოება უდნა შეწყდეს. ამაზე პასუხად, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სარჩელი სასამართლოში დაგვიანებით იმიტომ შეიტანეს, რომ DMO-დან საჭირო დოკუმენტაცია დროულად ვერ მიიღეს, და მათ სარჩელის წარდგენის საშუალებას კანონი აძლევდა.

“ხანდაზმული რომ იყოს სასამართლო არ განიხილავდა,” – აცხადებს ადვოკატი, ჯუნა სტეფნაძე. 

დავით მუმლაძემ და მისმა წარმომადგენელმა, ევა იველაშილმა სხდომა ამჯერადაც ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მუმლაძემ განაცხადა, რომ კომენტარს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს.

რა მოხდა?

სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი აიპიდან გათავისუფლებული პირი, ნინო ხაზალაშვილი ამბობს, რომ მომღერალ ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტის და-HA-HA-ვების გამო გაათავისუფლეს.

პოსტი, ახალციხეში ნუცა ბუზალაძის წინასაახალწლო კონცერტს ეხებოდა, რომელიც მერიას 18 000 ლარი დაუჯდა.

ნინო მიუთითებს, რომ ხელმძღვანელისგან გაფრთხილება მიიღო პოსტებზე რეაქციების გამოხატვის გამო, დასტურად კი საქმეში დასთან მიმოწერა ინახება.

ააიპ “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” დირექტორი, დავით მუმლაძე უარყოფს და ამბობს, რომ “აბსურდია”.

ნინო ხაზალაშვილი 2019 წლიდან, ააიპ-ში პროექტების მენეჯერი იყო.
2025 წლის 20 იანვარს, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ აღარ გაუგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.
20 იანვარს უთხრეს, რომ ხელშეკრულება გაუგრძელდებოდა მხოლოდ 1 თვით.
29 იანვარს სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ გაათავისუფლეს.

რა არის DMO?

ინტერმუნიციპალური ა(ა)იპი “სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” (DMO) 2019 წელს შეიქმნა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID Zrda პროგრამის ინიციატივითა.

ორგანიზაციის მთავარი მიზნებია რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარება — უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნით, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით, საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებით, რეგიონის იმიჯის გაუმჯობესებით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებითა და ადგილობრივი ბიზნესების ხარისხის ზრდის მხარდაჭერით.

წყარო: DMO-ს ვებ გვერდი

რამდენია ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. 11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ააიპის  ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში კი წარადგინეს, თუმცა მედიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. ხოლო, ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.