“Hand of the Mayor“ – როგორ (არ) ფუნქციონირებს მერის მრჩეველთა საბჭო

July 9, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

მერის მრჩეველთა საბჭო არის ერთ-ერთი იმ მექანიზმთაგან, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას ისახავს მიზნად. 

საბჭო ორმაგი დატვირთვის მატარებელია, ერთის მხრივ იგი არის მერის საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც რეკომენდაციები უნდა მიიღოს საბჭოს წევრებისგან, მათ შორის მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის, შედგენის პროცესში. 

მეორეს მხრივ კი – ეს შესაძლებლობაა მოქალაქეები მეტად ჩაერთონ მუნიციპალურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

“თვითმმართველობის კოდექსის” მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტის მერს აქვს ვალდებულება ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო. 2025 წლის 2 აპრილამდე საბჭოს შემადგენლობაში, მეწარმე იურიდიულ პირებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად შედიოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არაერთ სხვა კანონში ცვლილებებთან ერთად სიახლე “თვითმმართველობის კოდექსიც” შეიტანა და საბჭოს შემადგენლობიდან სამოქალაქო სექტორი ამოიღო. 

ამავე კოდექსის მიხედვით, მერი ვალდებულია წელიწადში მინიმუმ სამჯერ მოიწვიოს საბჭოს წევრები მუშაობის ანგარიშის წარსადგენად და მოქალაქეების საჭიროებების განსახილველად. თუმცა, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ზოგ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო საერთოდ არ არსებობს, ზოგან კი – არ ფუნქციონირებს.

ამ სტატიაში, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით შევეცდებით გავაანალიზოთ თუ როგორ მუშაობს მრჩეველთა საბჭოები მუნიციპალიტეტებში და როგორია საუკეთესო პრაქტიკა.

თელავი

თელავის მუნიციპალიტეტმა “მერის მრჩეველთა საბჭოს” დებულება, წინა მერის, შოთა ნარეკლიშვილის დროს, 2019 წლის 29 მარტს დაამტკიცა, პირველად სხდომა 12 აპრილს გამართეს, რომლის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებ გევრდზეა ხელმისაწვდომი. მას შემდეგ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა, ან ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. ჩვენ ინფორმაციის კითხვებით მუნიციპალიტეტის მერიასაც დავუკავშირდით, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

თელავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წინა მერის პერიოდში, მრჩეველთა საბჭო 13 პირისგან დაკომპლექტდა. 

დედოფლისწყარო

თელავის მერიის მსგავსად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს სხდომების ჩატარების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არცერთ პლატფორმაზე არ იძებნება. 

მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე მხოლოდ 2015 წლის 17 სექტემბრით დათარიღებულ მასალას შეხვდებით, სადაც საუბარია, რომ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა და 10 პირით დაკომპლექტდა.

ფუნქციონირებს თუ არა მრჩეველთა საბჭო ახლაც, ვინ არიან შემადგენლობაში და რა ინტენსივობით იმართება სხდომები? – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით, მასალაც შესაბამისად განახლდება. 

გურჯაანი

წინამორბედი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, როგორც გავარკვიეთ, გურჯაანის ახლანდელ მერს, მრჩეველთა საბჭო ჰყავს. მუნიციპალიტეტის ვებ გევრდზე არსებული ინფორმაციით, სხდომა 2022 წლის 7 მაისს გამართეს. (მას შემდეგ საბჭოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მიზეზების შესახებ ინფორმაციის მიღებას უწყებიდან ველოდებით) 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სხდომაზე “მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის სამსახურის და ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისის მიერ 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე (2022 წლის 7 მაისი) გაწეული საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტები.”

იქვე მიაწერენ, რომ საბჭო არათუ ახლანდელი მერის, გიორგი მაჭავარიანის დროს ჩამოყალიბდა, არამედ 2019 წელს, როდესაც ამ თანამდებობას ზურაბ უტიაშვილი იკავებდა. 

“რა ფუნქციონირებს გამართულად, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებდეს,” – ასე აფასებს თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, გიორგი მესხიძე მუნიციპალური სამოქალაქო საბჭოების მუშაობას. 

მესხიძის თქმით, წარსულში რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო მართლაც გამართულად ფუნქციონირებდა. თუმცა, მისივე თქმით, 2023 წლის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმიდან გარიცხეს.

OGP-ის ფარგლებში სწორედ მუნიციპალიტეტის მერიებს ჰქონდათ ვალდებულება მრჩეველთა საბჭოს ჩართულობით ემუშავათ მოქალაქეებთან, თუმცა პლატფორმიდან გასვლის შემდეგ, ამ ვალდებულებების შესრულება ბევრმა მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა.

ამავე თემაზე: სახალხო ანგარიშები უხალხოდ – მერის ანგარიშები