Live-ში (არ) არის საკრებულოს სხდომა

July 14, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

“მოქალაქე კი არის ის, ვინც მონაწილეობს როგორც სახელმწიფოს მართვაში, ისე ქვეშევრდომობაში,“ – წერს არისტოტელე თავის წიგნში “პოლიტიკა” მოქალაქის ცნების განსაზღვრისას. 

სახელმწიფოს მმართველობაში და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, ფილოსოფოსები ჯერ კიდევ ძვ.წ IV საუკუნეში მსჯელობდნენ. 

მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, ეპოქები შეიცვალა, თუმცა მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი კვლავაც ახალ ფორმებს ეძებს. 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე, საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულოს სხდომა

საკრებულოს სხდომები საჯარო და სავალდებულოა. ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაესწროს სხდომებს და საკრებულოს საკუთარი პრობლემები და ინიციატივები გააცნოს. 

დეპუტატებს ვალდებულება აქვთ თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხი განიხილონ, იმსჯელონ, მხარი დაუჭირონ ან არა. თუმცა, უმეტესწილად ეს უფრო კია ვიდრე არა.

უსიტყვოდ – ახალციხის საკრებულოს სხდომა

გარდა იმისა, რომ სხდომები საჯაროა და მოქალაქეს შეუძლია მათ დაესწროს, საკრებულოს შესაძლებლობა აქვს სხდომები სხვადასხვა პლატფორმაზე პირდაპირი ტრანსლაციით გადასცეს, თუმცა ამ შესაძლებლობას საქართველოში უმეტესი მუნიციპალიტეტი არ იყენებს. 

ჩვენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური Facebook გვერდები შევისწავლეთ, როგორც აღმოჩნდა კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტი ამ შესაძლებლობით არ სარგებლობს, არც რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებს არ გადაუციათ პირდაპირ ეთერად საკრებულოს სხდომები. ამ შესაძლებლობით სარგებლობს იმერეთის და გურიის ზოგიერთი მუნიციპალიტეტები. 

გურია

ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური Facebook გვერდზე 2 კვირის წინ ჩატარებული სხდომის ლაივს ნახავთ. 1 000 მაყურებლით და 0 კომენტარით. 

სტრიმის მიხედვით, სხდომა 15 წუთს გაგრძელდა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. 

Facebook გვერდზე გასული თვეების სხდომების ვიდეოები ხელმისაწვდომი არ არის. 

ოზურგეთი 

წინამორბედი მუნიციპალიტეტის მსგავსად საკრებულოს მხოლოდ ერთი, ბოლო სხდომა იძებნება ოზურგეთის საკრებულოს Facebook გვერდზეც. სხდომა 25 ივნისს გაიმართა და ამ დროისთვის სტრიმს 1 100 ნახვა და მხოლოდ ერთი კომენტარი “გაგიმარჯოთ ღმერთმა” აქვს. 

არც მათ გვერდზე იძებნება გასული თვეების სხდომების ვიდეო ჩანაწერები. 

სხდომა 20 წუთს გაგრძელდა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. 

ჩოხატაური 

საკრებულოს სხდომების Live სტრიმით გაშვების პრაქტიკა ჰქონდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსაც. თუმცა, 6 წლის წინ. 183 მაყურებლით და 0 კომენტარით ბოლო Live ვიდეო, ჩოხატაურის საკრებულოს გვერდზე 2019 წლის 19 აპრილით თარიღდება. 

როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, საკრებულო წლების განმავლობაში, ყველა სხდომას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემდა. რატომ აღარ მიმართავენ ამ შესაძლებლობას? – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მიზეზი შესაბამისი ტექნიკის არ არსებობაა. 

მათივე თქმით, მიმდინარეობს ტექნიკის შეძენა და სხდომების გადაცემასაც განაახლებენ. 

თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი კოტე კანდელაკი გვეუბნება, რომ საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ხალხის ინტერესი საკრებულოს საქმიანობისადმი დაბალია.

საკრებულოს სხდომების ტრანსლაციები უნდა გადაიქცეს ინტერაქტიულ სივრცედ, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ წინასწარ დასვან კითხვები, გამოხატონ აზრი და ჩაერთონ განხილვებში. სწორედ ამ მიდგომას იყენებენ ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ინტერაქტიული ტრანსლაციებიმოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდისა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წარმატებულ პრაქტიკად ითვლება.

“საუკეთესო სახელმწიფოში მოქალაქეა ის, ვისაც აქვს უფლება თავისი სურვილის მიხედვით მონაწილეობდეს მმართველობაშიც და ქვეშევრდომობაშიც ისეთი ცხოვრების მისაღწევად, რაც ზნეობას შეესაბამება,” – არისტოტელე, “პოლიტიკა” წიგნი მესამე თავი VII.

ამავე თემაზე: “Hand of the Mayor“ – როგორ (არ) ფუნქციონირებს მერის მრჩეველთა საბჭო

სახალხო ანგარიშები უხალხოდ – მერის ანგარიშები