ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, საქართველოში 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 5%-ით მეტი – ანუ 38% კი, ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი – NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74% კითხვაზე დადებითად პასუხობს.
9%-ისთვის კურსი მიუღებელია 16%-მა კი არ იცის. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე კი გამოკითხულთა 80 %-ია. ეს მაჩვენებელი წელს 4%-ითაა გაზრდილი. წინა გამოკითხვით, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდა, ევროკავშირში გაწევრიანებას 76% ემხრობოდა.
კითხვაზე საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 42% კი ფიქრობს, რომ არ არის.
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით «CRRC საქართველომ» ჩაატარა. NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.