სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი – გზდ უკანონო თევზჭერის მაჩვენებელს აქვეყნებს

December 17, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი საქართველოში, მათ შორის 12 სამცხე-ჯავახეთში, ყველა მდინარე მტკვარზე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო თევზჭერის მონიტორინგის 9 თვიან შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილი დარღვევიდან 131 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყებაში გვითხრეს, რომ სამცხე-ჯავახეთში 12 გამოვლენილი ფაქტიდან 10 ადმინისტრაციული ხოლო 2 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია.

“სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილი დარღვევებიდან ყველა მდინარე მტკვარის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ყველა უკანონოდ თევზს ბადის საშუალებით იჭერდა,” – გვეუბნებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია შსს-ში იგზავნება და დანარჩენ რეაგირებას ისინი ახდენენ.

შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი უკანონო თევზჭერის ფაქტი თბილისში გამოვლინდა აქ 38 შემთხვევა დააფიქსირეს.

დეპარტამენტმა ჯამში 3 800 სახლართი ბადე და 280 კილოზე მეტი თევზი ამოიღეს.

ასევე გამოვლინდა ელექტროშოკური აპარატის გამოყენების 63 ფაქტი და ბადის გამოყენების 153 ფაქტი.